19 აგვისტოს რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ უფის სამრეწველო ზონაში ძლიერი აფეთქებები მოხდა. რესპუბლიკის მეთაურმა რადიი ხაბიროვმა დაადასტურა, რომ ადგილობრივ საწარმოებზე უკრაინულ დრონთა შეტევა განხორციელდა.
ხაბიროვის მტკიცებით, ერთ-ერთი „მოგერიებული“ უპილოტო აპარატის ჩამოვარდნამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გამოიწვია, თუმცა კონკრეტული ობიექტი მას არ დაუსახელებია. დამოუკიდებელმა რუსულ გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველების მიერ გადაღებული ფოტოებისა და ვიდეოების ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა საწარმოში „ბაშნეფტ-უფის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა“.
უფაში კომპანია „ბაშნეფტს“ აქვს სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომლებიც ერთიან კომპლექსს ქმნიან და მისი საერთო სიმძლავრე წელიწადში 23,5 მილიონ ტონას შეადგენს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ ობიექტებს ადრეც მიაყენეს იერიში, მათ შორის 2026 წლის 5 აგვისტოს დაარტყეს ქარხანას „ბაშნეფტ-ნოვოილი“.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 19 აგვისტოს დრონმა ასევე დააზიანა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი, სადაც დაშავდა ინდოეთის მოქალაქე — ადგილობრივი სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტი.
რუსეთის ხელისუფლება თავის ტერიტორიაზე სამრეწველო და ენერგეტიკულ ობიექტებზე უკრაინის ყველა იერიშს „ტერორისტულ აქტად“ აფასებს. თავის მხრივ, უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინულ ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ თავდასხმებზე. კიევის განმარტებით, დარტყმების მიზანია კრემლისთვის ომის დაფინანსების წყაროების შეზღუდვა, ომის შედეგების უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე გადატანა და მოსკოვის იძულება, დათანხმდეს მშვიდობას.
