იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს უსმენენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე დაინტერესდა, იცოდა თუ არა ნინო ქადაგიძემ თუ ვისზე ამბობენ რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველია.
ქადაგიძემ განაცხადა, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მოსამართლის სტატუსის მხრიდან რთულია. მისი თქმით, მას არ სურს პოლიტიკური პროცესების შეფასება.
„მე არაფრის თქმის საშიშროების წინაშე არ ვდგავარ და შემიძლია ხმამაღლა ვთქვა ნებისმიერი პირის სახელი და გვარი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ჩემი მხრიდან არაეთიკური, ამიტომ მე ვცდილობ ის სტანდარტი, რაც უკავშირდება ეთიკას დავიცვა, ამიტომ მე ვერც ძველ ხელისუფლებას ვერ მივცემ შეფასებას, ვერც ამ ხელისუფლებას მივცემ შეფასებას და პირობას გაძლევთ, თუ შეიცვლება ხელისუფლება, მაშინაც არ მივცემ შეფასებას“,-განაცხდა ნინო ქადაგიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან პარლამენტში მოსამართლეების მოსმენა გრძელდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების კითხვებს ამჯერად ნინო ქადაგიძე უპასუხებს. ქადაგიძე 2002-დან 2012 წლამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო, 2013 წლიდან კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატის მოსამართლეა. აღსანიშნავია, რომ ქადაგიძე მიხეილ ჩინჩალაძესთან, პაატა სილაგაძესა და გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პირველად შედგენილ ათკაციან სიაშიც შედიოდა.
