ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში ამ ეტაპზე 74 პაციენტი გადის მკურნალობას, საიდანაც 63 კოვიდინფიცირებულია.
როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა, პაციენების მდგომარეობა სტაბილურია და რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას მხოლოდ ერთი პაციენტი აგრძელებს. მისივე ინფორმაციით, კლინიკას 4 ახალი კოვიდინფიცირებული დაემატა და 4-ვე პირის კლასტერი ცნობილია.
"ბოჭორიშვილის კლინიკაში არის 63 კოვიდინფიცირებული. სულ ბოქსირებულ განყოფილებაში 74 ადამიანი გადის მკურნალობას. დაემატა 4 ახალი პაციენტი და 2 გამოჯანმრთელებული გვყავს. 18 წლამდე ასაკის პაციენტი 12 გვყავს. 13 პაციენტი არის საყურადღებოა და ერთი მძიმე. ახალი დამატებულები არიან გორიდან - დედა-შვილი. მეორე დედა-შვილის ოჯახის წევრები ჩვენთან მკურნალობდნენ, ცნობილი კლასტერია. მათი მდგომაროება დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტი, რომელიც რეანიმაციაშია, მას არ აქვს არც ჭარბი წონა და არც დატვირთული ანამნეზი, ასაკობრივად არის ახალგაზრდა მამაკაცი, მაგრამ მისი მდგომარეობა დამძიმდა და გადაყვანილია რეანიმაციაში", - განაცხადა სოლოღაშვილმა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 566 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან ამოქმედდა, 22 აპრილს კი, კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა და 22 მაისის ჩათვლით იქნება ძალაში. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათიაგამოცხადებული. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.