საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას და იმედგაცრუებას ვერ მალავენ შეერთებულ შტატებში. კონგრესმენი ადამ კინზინგერი, რომელიც გასულ კვირას საქართველოშიც იმყოფებოდა ამბობს, რომ შოკირებულია. განცხადებები გააკეთეს ამერიკელმა დიპლომატებმაც და ყოფილმა მაღალჩინოსნებმაც. მათი შეფასებით, პრობლემა "ქართულმა ოცნებამ" შექმნა და პასუხისმგებელია, რომ ის თავადვე გამოასწოროს.
„საქართველო არ არის რუსეთი და ქართველი ხალხი ითხოვს და იმსახურებს უკეთესს, ვიდრე რაც მათ პარლამენტმა აჩვენა. მე როგორც წარმომადგენელთა პალატაში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ განაახლონ მოლაპარაკებები და მიიღონ მნიშვნელოვანი რეფორმის პაკეტი. ქართველებს სურთ მთავრობა ხალხის, ხალხისთვის და ხალხის მიერ არჩეული. მათ უნდათ მთავრობა, რომელიც არის უფრო დასავლური და აღიარებული, როგორც ნატო-ს პარტნიორი. ამ საკონსტიტუციო შესწორების ჩაგდება იქნება საჩუქარი ვლადიმერ პუტინისთვის და გაანადგურებს პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია სრული დამოუკიდებლობისა და აგრესიული და ჩასაფრებული მეზობელი რუსეთისგან გამოყოფისთვის",- განაცხადა კინზიგერმა.
აღნიშნულს გამოეხმაურა აშშ-ს თავდაცვის ყოგილი მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ. მისი თქმით, საქართველოს ქარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმედგაცრუებაა ოპოზიციისთვისაც და ქართული საზოგადოებისთვისაც. ვერშბოუს თქმით, ის იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება ამ საკითხს რაღაც ეტაპზე ისევ დაუბრუნდება.
„დიდი იმედგაცრუებაა ოპოზიციისთვისაც და ქართული საზოგადოებისთვისაც. მწუხარება გამოთქვა შეერთებული შტატების საელჩომაც. საერთაშორისო გაერთიანება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადსვლას პოზიტიურ ინიციატივად მიიჩნევდა და ვიმედოვნებ, რომ რაღაც ეტაპზე ამ საკითხს ისევ დაუბრუნდებიან. თავად ქვეყანამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან დაკავშორებულ თემებზე. მაგრამ პროპორციული სისტემა ევროპული დემოკრატიების უმრავლესობისთვის უფრო შესაბამისია. გარდა ამისა ის იქნება სტიმული საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროგრესისთვის“,- განაცხადა ალექსანდერ ვერშბოუმ.
აშშ-ს ახელმწიფო მდივანის ყოფილი მოადგილე დევიდ კრამერი კი ამბობს, რომ გუშინდელი შედეგი ბადებს კითხვას, იყო თუ არა კენჭისყრის შედეგი იმ დროს განსაზღვრული, როდესაც ზაფხულის აქციების დროს ხელისუფლება ხალხს დაპირდა.
„ძალიან სამწუხარო იყო ეს გადაწყვეტილება. ეს ბადებს კითხვას იყო თუ არა კენჭისყრის შედეგი იმ დროს განსაზღვრული, როდესაც ზაფხულის აქციების დროს ხელისუფლება ხალხს დაჰპირდა. ასევე ბადებს კითხვებს ნამდვილად იყო თუ არა "ქართული ოცნება" ერთგული პროპორციული საარჩევნო სისტემის მიმართ. პრობლემა ისაა, რომ სწორედ "ქართული ოცნების" დეპუტატებმა არ მისცეს ხმა. ამას მოჰყვა კანონპროექტის ჩავარდნა და საპროტესტი აქციები, რომელაც თბილისში ვხედავთ. ასე რომ, ესაა ძალიან სამწუხარო შედეგი და გასაგებია ხალხის სიბრაზეც. სამართლიანია და სწორი საერთაშორისო გაერთიანების კრიტიკაც, რადგან ივანიშილმა პირობა დადო და ამ დაპირებამ შეუწყო ხელი პროტესტის ჩაცხრომას. მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ არასათანადო ძალა გამოიყენეს. საბოლოოდ პარლამენტის ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში დაძაბულობას უფრო გაამწვავებს“,-განაცხადა დევიდ კრამერმა.
შეშფოთებასა და იმედგაცრუებას გამოხატავენ აშშ-ს ყოფილი ელჩები საქართველოში. კენეტ იალოვიცისა და უილიამ კორტნის შეფასებით მთავარი ისაა, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად.
„იმედგაცრუებული და შეშფოთებული ვარ. გაუგებარია, სამი თვის შემდეგ რატომ თქვეს უარი. შევიტყვე მიზეზების შესახებ, მაგრამ მათ შესახებ ახლა ვერ ვისაუბრებ, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ეს არ არის კულისებს მიღმა მყოფი იმ ხალხის გავლენის შედეგი, რომლებიც არჩეული არ არიან, მაგრამ საკმაოდ გავლენიანები არიან. პირადად მე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გადადგმული ნაბიჯებიც მაშფოთებდა. ნამდვილად აღელვებთ ის, რაც ხდება საქართველოს მეგობრებს, რომლებიც თქვენს ქვეყანას აკვირდებიან“, - განაცხადა კენეტ იალოვეცმა.
