14 წლის მოზარდის, ნინის გარდაცვალების საქმეს ადვოკატი ჩამოაშორეს.
გადაწყვეტილება გარდაცვლილის უფლებამონაცვლემ, გადაცვლილის დამ მიიღო.
როგორც ფორმულას პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ადვოკატმა, ანა თავხელიძემ უთხრა, მისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.
ანა თავხელიძის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, მიმართა თუ არა ნინი ცეცხლაძის ოჯახმა სხვა ადვოკატს.
"ჩვენთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო ის, რომ დასაცავი პირის უფლებამონაცვლის გადაწყვეტილებით, აღარ ვიცავთ მის ინტერესებს. ნებისმიერ ადამიანს აქვს დამოუკიდებლად ადვოკატის არჩევის უფლება, მათ შორის, შეცვლის უფლება, ამიტომ ის შეზღუდული არ არის და შეუძლია სხვა ადვოკატი აირჩიოს. მე არ მაქვს ინფორმაცია, მათ ჰყავთ თუ არა სხვა ადვოკატი შერჩეული", - აცხადებს ანა თავხელიძე.
ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის შესახებ 10 თებერვალს გახდა ცნობილი.
სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე, 23 წლის კაცი გოგონას თვითმკვლელობის შემდეგ, 11 თებერვალს დააკავეს. საქმეზე დაკავებულს პირს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი: სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 140-ე მუხლებით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებას გულისხმობს.
გარდაცვლილის დედის თქმით, საქმეზე დაკავებული პირის მხრიდან მის შვილზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შემდეგ, 14 წლის მოზარდს უკიდურესად შევიწროვებულ და ძალადობრივ გარემოში უწევდა ყოფნა. მისივე მონათხრობით, ნათესავებმა გოგოს "უმოწყალოდ სცემეს".
მისი თქმით, 14 წლის ქალიშვილის მდგომარეობის შესახებ სრულად იყო ინფორმირებული სოციალური მუშაკიც, რომელმაც მძიმე ემოციური და ფიზიკური გარემოებების მიუხედავად, მოზარდისთვის ფსიქოლოგის მეთვალყურეობა არ უზრუნველყო.
გარდაცვლილი გოგოს ბაბუა შვილიშვილზე მუქარისა და ძალადობის ბრალდებით 15 თებერვალს დააკავეს. ის აღიარებით ჩვენებაში ამბობს, რომ მისმა შვილიშვილმა "ოჯახის ღირსება შეარცხვინა" და ამიტომ იძალადა მასზე.