logo
ENG



ყოველთვის აკლდა მის გადაწყვეტილებას შესაბამისობა კონტექსტთან - რომან კაკულია კობა გვენეტაძეზე

20 ნოე 201917:31
3 წუთის საკითხავი
 
grwe820srpxwmem.jpg

„მოსალოდნელია, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე პროგნოზი დაგვანახებს, რომ გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა განეიტრალდა,“- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას განაცხადა.

კობა გვენეტაძემ გამოსვლისას მაკროეკონომიკურ გარემოზე, ინფლაციასა და პროგნოზებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2020-2022 წლისთვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3 პროცენტით განისაზღვრა. გვენეტაძის განცხადებით, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 6.9% შეადგინა. ეროვნული ბანკის მიმდინარე საბაზო მაკროეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, მოკლევადიან პერიოდში მთლიანი წლიური ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე მაღლა შენარჩუნდება, შემდგომ მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით ჩამოცდება და, 2020 წლის მე-4 კვარტალში, მას ქვემოდან დაუახლოვდება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე კი ეროვნული ბანკის (სებ) მიდგომებს არ ეთანხმება. ირაკლი კოვზანაძის თქმით, სებ-ი გადაწყვეტილებებს დროულად უნდა იღებდეს.

"ეროვნული ბანკი უნდა დაუბრუნდეს რეალობას. ფასების სტაბილურობა და ინფლაცია ერთ-ერთი საკითხია, რაც მოსახლეობას აწუხებს. სებ-მა უნდა გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდეს. მან აამოქმედა ეს ინსტურმენტები, მაგრამ დაგვიანებით. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, მოვუწოდოთ სებ-ს რომ ეს ინსტრუმენტები ამოქმედდეს დროულად,"-ამბობს კოვზანაძე. 

კოვზანაძის მოსაზრებას იზიარებს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი რომან კაკულია, რომლის თქმითაც საჭიროა სებ-ის პრეზიდენტმა საკუთარი პასუხისმგებლობა მეტად გააცნობიეროს. 

"ყოველთვის აკლდა მის გადაწყვეტილებას შესაბამისობა კონტექსტთან, რაც ვუთხარი კიდეც. ერთია გაიდლაინები და სტანდარტული პროცედურები, რას სხვა ქვეყნებში მუშაობს. მაგრამ საქართველოს რთული კონტექსტი აქვს და მქონდა ასეთი შთაბეჭდილება, რომ მისთვის თითქოს პირველხარისხოვანი ეს გაიდლაინებია. მისგან ახსნაც მივიღე, რაც ჩემთვის დამაკმაყოფილებელი არ იყო. ლარი ის თემაა, რამაც ბევრი რამ მოარყია ამ ქვეყანაში, ამიტომ საინტერესოა ის თავადაც გრძნობდეს ამასთან მიმართებაში პასუხისმგებლობას. მეტი არაფერი,"- აცხადებს რომან კაკულია. 

თავად კობა გვენეტაძე კი ამ ბრალდებებს არ ეთანხმება და დარწმუნებულია, რომ მისი უწყება სწორ და დროულ გადაწყვეტილებებს იღებს. 

"ყველა ის ინფორმაცია, რაც იმ დროისთვის არსებული იყო არ მოასწავებდა, რომ შესაძლებელია ინფლაციის აქსელერაცია მომხდარიყო. ამიტომ, რომ მიგვეღო ადრე გადაწყვეტილება გამკაცრებაზე, შესაძლოა ამას მოყოლოდა ეკონომიკური ზრდის შემცირება და ახლა ამაზე იქნებოდა კომენტარი, რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილება აბსოლუტურად საფუძვლიანია," -ამბობს კობა გვენეტაძე. 


close დახურვა