
არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლო დღეების მოვლენებსა და მოქალაქეების დარბევას ეხმაურებიან. მესამე სექტორს მიაჩნია, რომ ძალოვანები საპროტესტო აქციების დაშლისას არაპროპორციულ ძალას იყენებენ, რაც ადგილობრივ და საერთაშორისო ნორმებთან შეუსაბამობაშია.
NGO-ების შეფასებით, მშვიდობიანი აქციების დარბევა, სპეცდანიშნულების რაზმი, რეზინის ტყვიები, ხელკეტები, წყლის ჭავლი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, "ქართული ოცნების" ხელწერად იქცა.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში ხელისუფლების მიერ აქციების დაშლის არაკანონიერებაზე საუბრობენ. ყოფილი სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის თქმით, ხელისუფლებამ პარლამენტის წინ აქციების დასაშლელად არაპროპორციული ძალა გამოიყენა. ის ამბობს, რომ ხელისუფლება არღვევს საერთაშორისო ნორმებს და აქციის მონაწილეების დასჯას სასტიკი მეთოდებით ცდილობს.
აქციის დაშლის საერთაშორისო ნორმებთან შეუსაბამობაზე საუბრობენ Human Rights Watch-ი. ორგანიზაციაში კითხვას სვამენ - "რა საფრთხეს უქმნიდა პარლამენტის ფუნქციონირებას პიკეტირება დილის 05:00 საათზე. ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი გოგუა არ ელოდება, რომ გამოძიება მის კითხვას როდესმე უპასუხებს.
"20 ივნისს რეზინის ტყვიებს ახლო მანძილიდან სასიცოცხლო ორგანოების მიმართულებით ისროდნენ" - ეს ამონარიდია ანგარიშიდან, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 20-21 ივნისის მოვლენებზე მოამზადა.
სპეციალისტები ამბობენ,რომ მმართველი გუნდი არბევს ყველას, ვისაც არ ეთანხმება, თუმცა გამოხატვის თავისუფლებას იცავს იქ, სადაც ძალადობრივი ჯგუფები საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხეს უქმნიან.