ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობაში ყოფნა რომში ადგილობრივი სამრევლოს წინამძღვარმა და წევრებმა დაგმეს. მხარდამჭერი აქცია რუსეთის საელჩოსთან გაიმართა. როგორც შეკრებილებმა განმარტეს, თითოეული საქართველოს მოქალაქის ვალია არ შეეგუოს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ვაჟა გაფრინდაშვილი იყო აბაშიძე-კარასინის აუდიენციის ერთ-ერთი მთავარი თემა. გუშინდელ შეხვედრაზე რუსეთის წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ექიმი ახალ წლამდე დატოვებს ცხინვალის ციხეს და დღესასწაულს ოჯახთან ერთად შეხვდება.
