logo
ENG



15 კაცი ერთ პურს ვჭამთ - ემიგრანტების ნაწილი დაბრუნებას ვერ ახერხებს

28 მარ 202017:32
3 წუთის საკითხავი
 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად არის ემიგრანტების საქართველოში დასაბრუნებლად მოლაპარაკებები ინვესტორებთან გააგრძელოს. 

ბოკუჩავას თქმით, იმისათვის, რომ ე.წ. სამაშველო ოპერაცია ჩატარდეს, ხელისუფლების ჩართვაა აუცილებელი. 

"პრეზიდენტი სააკაშვილი მზად არის, რომ გააგრძელოს ეს მოლაპარაკებები. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, 5 ათასამდე ჩვენი მოქალაქე სრულიად უსასყიდლოდ დავაბრუნოთ სამშობლოში. ეს არის უმნიშვნელოვანესი ამ კრიზისის დროს. თუმცა ამისთვის, ამ სამაშველო ოპერაციისთვის საჭიროა ხელისუფლების მონა2ილეობაც", - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

 

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ნაწილი სამშობლოში დაბრუნებას, დანიშნული რეისების მიუხედავად, მაინც ვერ ახერხებს. ემიგრანტები "ფორმულასთან" საუბარში ამბობენ, რომ მათ გარკვეული პრობლემები აქვთ, მათ შორის არ აქვთ საკმარისი თანხა ბილეთის შესაძენად. საქართველოს მოქალაქეები ასევე აღნიშნავენ, რომ საელჩოებში სხვადასხვა ინფორმაციას იღებენ. 

"მთელ ტერიტორიას იცავენ აქ სპეცრაზმით, რომ გარეთ არავინ გავიდეს. მე ვარ ჯანმრთელი და მინდა საქართველოში ჩასვლა. საელჩოს ვთხოვ, რომ მოვიდნენ და მიმიყვანონ აეროპორტამდე. საჭმელს ვერ ვჭამთ, 15 კაცი ერთ პურს ვჭამთ", - ამბობს ნინო ახალკაციშვილი, ემიგრანტი გერმანიიდან.

კიდევ ერთი ემიგრანტი ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს. საქართველოს მოქალაქის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სპეცრეისი 7 აპრილს არის დანიშნული, მას ბილეთის შესაძენად თანხა არ აქვს. 

"ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ ვახერხებ ჩამოსვლას. იშემიური ინსულტი მაქვს, მაგრამ გადაადგილება მარტო არ შემიძლია, დედაც უნდა წამომყვეს. შეუძლებელია უმუშევარმა ადამიანმა ბილეთში მაგხელა თანხა გადაიხადოს. იმხელა ფასი დაადეს ბილეთებს. ბილეთი თუ მექნება 7 აპრილის რეისზე დამსვამენ", - აღნიშნა ემიგრანტმა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთავაზობს. როგორც ვაშაძე აცხადებს მოძიებულია ავიაკომპანია, რომელიც საქართველოს ათასობით მოქალაქეს სამშობლოში დასაბრუნებლად დაეხმარება. ამავე ინიციატივით გამოდის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილმა მზაობა გამოთქვა, რომ მთავრობასთან კოორდინაციით ემიგრანტების სამშობლოში, სავალდებულო კარანტინში დაბრუნება უზრუნველყოს.


close დახურვა