„დღეს 29 ნოემბერია. დაიმახსოვრეთ ეს ისტორიული დღე, დღეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე აბაშიძე-კარასინი ერთმანეთს შეხვდნენ და შეთანხმდნენ, რომ დეკემბერში თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება“, - ასე დაიწყო მონოლოგი გადაცემის „თითქმის ყოველდღეს მიშა მშვილდაძესთან ერთად“ წამყვანმა.
მიშა მშვილაძემ გადაცემაში კვირის მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა. წამყვანმა მონოლოგი აბაშიძე-კარასინის შეხვედრებზე კომენტარით აიწყო.
„თავად აბაშიძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს, მე ვუთხარი, ჩავალ თბილისში და გავარკვევ, რა და როგორ არის-მეთქი, არანაირი ორმხრივი შეთანხმება ან რაღაც ამდაგვარი არ ყოფილა", - განაცხადა აბაშიძემ. როგორც ჩანს ოცნებაში იმსჯელებენ ამ თემაზე, აწონ-დაწონიან გავრილოვის ამბის რისკებს და მერე გადაწყვეტენ, რუსეთს აწყენინონ თუ ჩვენ“, - განაცხადა მშვილდაძემ.
გადაცემის წამყვანმა ასევე 29 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა, როდესაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში დილის 7:00 საათზე მივიდნენ.
„პარლამენტში დეპუტატების ასე ადრიანად მისვლამ პრესის დიდი ყურადღება დაიმსახურა და ამ თემაზე ბევრმა გააკეთა კომენტარი, თქვენი აზრით ვის ეკუთვნის ფრაზა - სოფო კილაძე არის ის დეპუტატი, რომელიც ძალიან ადრე მოდის სამსახურში - პარლამენტის დარაჯს?! პარლამენტის თავმჯდომარეს - არა, მანდატურს - არა, თვითონ სოფო კილაძე?! - დიახ, მესამე პირში საკუთარ თავზე“, - განაცხადა მშვილდაძემ.
მიშა მშვილდაძე საჯარო ბიბლიოთეკასთან აქციაზე გიგი უგულავას დაკავების ფაქტსაც გამოეხმაურა.
„პარლამენტთან სხვა საინტერესო რაღაცეებიც მოხდა, მაგალითად, გიგი უგულავა დაიჭირეს და მალევე გამოუშვეს, უფრო სწორად აქციიდან მანქანით წაიყვანეს და სხვაგან ჩამოსვეს. ადრე ერთი დღით გამოუშვეს და ისევ დაიჭირეს, ახლა ერთი დღე დაიჭირეს, მალე გამოუშვეს, ანუ ძალიან სწრაფად პროგრესირებს გიგი“, - განაცხადა გადაცემის წამყვანმა.
მშვილდაძე კობახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა.
„პარლამენტის გადაყენებულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თავისი მონოტონური ნელი შემართებით და უკვე ძალიან ერთფეროვანი მოსაწყენი აგრესიით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებზე გამოილაშქრა, ჩვენი 100 დეპუტატი ეყოფა იმ 198 კაცს, რომელიც გარეთ დგას, სხვათა შორის გუშინ 200-ს ამბობდა და დღეს კიდე ორი მოგვაკლო, ირაკლი ასე გვსჯის ხოლმე“, - განაცხადა მშვილდაძემ.
გადაცემის წამყვანი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსაც გამოეხმაურა, რომელიც 27 ნოემბერს იმედის ტელევიზიით გავიდა, მშვილდაძემ კომენტარი გააკეთა იმ დეპუტატებზე, რომლებიც ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურნენ.
„ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან ორი დღე გავიდა, თუმცა ქართული ოცნების დეპუტატები აგრძელებენ ბიძინა ივანიშვილით აღფრთოვანებას“, - განაცხადა მშვილდაძემ.
მშვილდაძემ ასევე ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზეც ისაუბრა, მისი თქმით, აქციების ფონზე ქვეყანას უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა აქვს.
„მოდით, გავიხსენოთ, როგორ იზრდებოდა საქართველოს ეკონომიკა ოცნების მმართველობის პირობებში, 2013 წელს 3.3%-ით, 2014 წელს 4.6%-ით, 2015 წელს 2.9%-ით, 2016 წელს 2.8%-ით, 2017 წელს 4.8%-ით, 2018 წელს 4.7%-ით, 5%-ზე ქვემოთ იყო სულ, დამერწმუნებით, ამ წლებში მთავრობა პერმანენტული აქიცებით არ შეგვიწუხებია, წელს კი უფრო პატარა ეკონომიკური ზრდა უნდა გვქონდეს, ვინაიდან მთავრობის განცხადებებით, ამ აქციებით ქვეყნის ეკონომიკას ვანგრევთ და ჰოი საოცრებავ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ბოლო 10 თვეში ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა, მადლობა არ არის საჭირო, გავაგრძელებთ აქციებს“, - განაცხადა მშვილდაძემ.
მონოლოგის ბოლოს მშვილდაძე 30 ნოემბერს ჩანიშნულ შეხვედრას გამოეხმაურა, სადაც ერთმანეთს ოპოზიციური პარტიის წევრები, ევროპელი დიპლომატები და ხელისუფლება შეხვდებიან.
„ჩვენმა აქციებმა სხვა სიკეთეებიც მოიტანა გერმანულ მოდელთან დაკავშირებით, ევროპელი და ამერიკელი დიპლომატების ინიციატივით გაიმართება შეხვედრა, ევროპელ დიპლომატებს, ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის, ამდენი პოლიტიკური პარტია და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები უნდა დასხდნენ და დაჩი ბერაიას ჩაგდებულ კანონზე უნდა ილაპარაკონ“, - განაცხადა მშვილდაძემ.
რაც შეეხება გადაცემის მეორე ნაწილს, გადაცემის სტუმარი იყო კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე, რომელმაც გადაცემის წამყვანთან ერთად მიმდინარე კვირა და პოლიტიკური პროცესები შეაჯამა.
