ევროპელი პარტნიორები საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობის შესახებ კიდევ ერთხელ მიუთითებენ. განცხადებები დღეს, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დასრულების შემდეგ, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გაკეთდა. ევროპელ დეპუტატებს იმედი აქვთ, რომ ხელისუფლება ამჯერად მაინც შეასრულებს დაპირებას და ოპოზიციასთან დიალოგზე წავა.
„თქვენ შეგიძლიათ ამ ყველაფერს უწოდოთ პოლიტიკური კრიზისი ან პოლიტიკური მოვლენები, მაგრამ ადამიანები ქუჩაში არიან. ეს ნიშნავს იმას, რომ მოვლენები არასწორად მიმდინარეობს. როგორც ქართველ მოქალაქეებს, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას გვაშფოთებს ეს საკითხი. ახლახანს ევროპარლამენტში პლენარულ სესიაზე გვქონდა დისკუსია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან. ვსაუბრობდი რა მოხდა, როცა მმართველმა პარტიამ თავისი დაპირება არ შეასრულა. ეს არ გახლდათ ჩვეულებრივი პოლიტიკური განვითარება, არამედ სამწუხაროდ ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი, როდესაც ადამიანებმა და ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებამ, დავკარგეთ ნდობა არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც შემდეგ წელს უნდა გაიმართოს. ეს არის დიდი პრობლემა. ის დაპირება, რომელიც გაჟღერდა ივნისის მოვლენების დროს, მმართველი პარტიის მხრიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით იყო ძალიან ძლიერი დაპირება“, - განაცხადა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე,მ ანდრიუს კუბილიუსმა.
ევროდეპუტატები კიდევ ერთხელ შეეხნენ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების თემას. მათ დაგმეს რუსული აგრესია და საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადეს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით. ევროდეპუტატებმა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო გატაცებაზეც ისაუბრეს.
„მსგავსი ვითარება გვაქვს უკრაინაში. ჩვენი ტერიტორიები ყირიმი და დონბასი ოკუპირებულია რუსეთის ძალების მიერ. კრემლის რეჟიმი არ არის არც უკრაინის და არც საქართველოს მეგობარი. უკრაინელები ყოველთვის მხარს დაუჭერენ საქართველოს და საქართველო ყოველთვის მხარს დაუჭერს უკრაინას. ჩვენი საერთაშორისო პოლიტიკის სტრატეგია ევროსტრუქტურებში გაწევრიანებაა და რუსეთს სურს ჩვენი მისწრაფებაა შეაჩეროს“, - განაცხადა ევროდეპუტატმა ივან კრულკომ.
