logo
ENG



ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს ხელისუფლებას საზოგადოებისთვის მიცემული დაპირების შესრულებისკენ მოუწოდებს

11 დეკ 201912:32
3 წუთის საკითხავი
 
923zema1jzv9yct.jpg

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პოლიტიკოსი ქალები შეხვედრებს აგრძელებენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი ამერიკის კონგრესმენს ადამ კიზინგერს შეხვდნენ. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, კონგრესმენი მათ დახმარებას დაჰპირდა.  

„კონგრესმენმა აღგვითქვა დახმარება იმ კუთხით, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ხმა გაიგოს საქართველოს მოსახლეობამ და დაგვპირდა, რომ ის ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. ადამიანები, რომელბიც მხარს უჭერენ საქართველოში დემოკრატიას, შეშფოთებულები არიან ქვეყნის მდგომარეობით“, - აცხადებს დეკანოიძე.

კონგრესმენი ადამ კინზინგერი, რომელიც ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს  ქვედა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფს წარმოადგენს, ამბობს რომ იმედგაცრუებული და გაკვირვებული იყო, პროპორციულ სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით.

„ფორმულასთან“ ინტერვიუში კინზინგერი საქართველოს ხელისუფლებას ქართული საზოგადოებისთვის მიცემული დაპირების შესრულებისკენ მოუწოდებს.

„რამდენიმე კვირის წინ, როდესაც მე საქართველოში ვიყავი მმართველმა პარტიამ ჩემთან ყველანაირად დაადასტურა ვალდებულება, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილი იყო და ის დამტკიცდებოდა. რა თქმა უნდა, მე ყველას ვეუბნებოდი, რომ ეს კარგი იყო. როდესაც ვნახე, რომ ის ბოლო წუთებში ჩავარდა, საკმაოდ იმედგაცრუებული და გაკვირვებული დავრჩი. მე მესმის, თუ რატომ არის ამის გამო ნაწყენი ქართველი ხალხი. ვთხოვდი საპროტესტო აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ ძალადობისგან და ვთხოვდი ყველა ძალოვან სტრუქტურას, თავი შეიკავონ ძალადობისგან, რადგან ხალხს აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება. ყველა მხარე უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკებას და გამოსავალი მონახოს. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ. საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან მოკავშირედ და სტრატეგიულ პარტნიორად ვთვლით. რაც ხდება, ამის ნახვა, შემაშფოთებელია. ჩვენ გვჭირდება, რომ ყველა მხარემ მოლაპარკება გააგრძელოს. მსურს დაპირება, რომელიც 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით იქნა აღებული, შესრულდეს. საქართველო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პარტნიორია. მისი მომავლისთვის ჩვენ დიდი ინვესტიცია ჩავდეთ და განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. ქართველი ხალხის წინაშე ვალდებულება იყო აღებული. მე მსურს პარლამენტი მას დაუბრუნდეს და შეასრულოს“ - აცხადებს ადამ კინზინგერი.

„ფორმულასთან“ ინტერვიუში, კონგრესმენი NDI-სა და IRI-ზე ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და ამ ორგანიზაციებზე თავდასხმასაც გამოეხმაურა და აღნიშნულს "არაგონივრული" ნაბიჯი უწოდა.

„ძალიან კარგად ვიცი „აიარაიც" და „ენდიაიც". ისინი დიდებული ორგანიზაციებია და აქვთ ერთი ინტერესი - დემოკრტია და მმართველობა. მათ სურთ, ხალხმა საკუთარი მომავლის განსაზღვრა შეძლოს. ეს არ იყო ჭკვიანური თავდასხმა. ასევე ვფიქრობ, რომ ის იყო მცდარი. იქ არიან ადამიანები, რომლებიც დემოკრატის სახელით ბევრს აკეთებენ. „ენდიაი" ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტია. ჩვენ ის მოგვწონს. დემოკრატებს მოსწონთ „აიარაი", რომელიც რესპუბლიკურია. ისინი დემოკრატიას აძლიერებენ. ეს არის არაგონივრული თავდასხმა“, - აღნიშნავს ის.

კონგრესმენ კინზინგერთან შეხვედრამდე საქართველოს ოპოზიციური პარტიების ლიდერები, სახელმწიფო დეპარტამენტში, სახელმწიფო მდივნის თანამშემწემ, ჯორჯ კენტმა მიიღო. ოპოზციამ აუხსნა ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს მოვლენების ბოლოდროინდელი განვითარება და ის ძალადობის მეთოდი, რომელსაც ქართული ოცნება ოპოზიციას უპირისპირებს.  

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციას შეხვედრები ჰქონდა საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში, ატლანტიკურ საბჭოში, ჰერითიჯის ფონდში და კონგრესის ჰელსინკის კომისიაში. ისინი შეხვედრებს დღეს ბრუკინგზის ინსტიტუტში, სტრატეგიული და საერთაშირისო კვლევების ცენტრში და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გააგრძელებენ.

 

 


close დახურვა