გარიგება, რომელზეც დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა საუბრობს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტსა და მაშინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის 2017 წლის აპრილში შედგა. ე.წ. ციანიდის საქმეზე, დეკანოზის დაკავებიდან 2 თვეში, 19 აპრილის ღამეს პრემიერი კვირიკაშვილი მეუფე დიმიტრის ბათუმის რეზიდენციაში ესტუმრა. გასაიდუმლოებული და დახურული შეხვედრა ღამის 11 საათზე გაიმართა. კვირიკაშვილის სტუმრობის დამადასტურებელი ერთადერთი ვიდეო მასალა ონლაინ გამოცემა ნეტგაზეთმა გაავრცელა.
თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ ე.წ. ციანიდის საქმის ფიგურანტები უნდა ყოფილიყვნენ მეუფე დიმიტრი და მისი სიძე, იმჟამინდელი პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი. თუმცა, სიჩუმის სანაცვლოდ მეუფემ საკუთარი და სიძის თავისუფლება მოიპოვა.
ამ შეხვედრიდან 10 დღეში პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა საქართველო დატოვა და უკრაინაში გაემგზავრა. მას შემდეგ მედიასთან კავშირი შეწყვიტა და საჯარო განცხადებები აღარ გაუკეთებია. მანამდე სოსო ოხანაშვილმა საპატრიარქოში არსებულ დარღვევებზე პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებასა და რამდენიმე სატელევიზო ინტერვიუშიც ისაუბრა. ამბობდა, რომ მამალაძე უდანაშაულო იყო. ოხანაშვილი გამგზავრებამდე პროკურორებს შეხვდა და ჩვენება მისცა. მისთვის პროკურატურას ბრალი არ წაუყენებია, გამგზავრების შემდეგ კი, ხმაურიანი განცხადებები საქმეზე აღარ გაუკეთებია. მასთან დაკავშირება 3 წლის შემდეგაც შეუძლებელია.
თორნიკე მამალაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტთან დიმიტრი შიოლაშვილთან ვცადეთ. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა, მოკლეტექსტური შეტყობინებით კი შეხვედრა დაადასტურა.
მეუფე დიმიტრი, რომელიც პატრიარქის ძმისშვილია, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს კარგად იცნობს, მამალაძე მღვდლად აკურთხა. 2017 წელს დეკანოზის დაკავების შემდეგ მეუფე დიმიტრიმ გიორგი მამალაძესთან კონტაქტი შეწყვიტა. მხოლოდ ერთხელ დაკავებიდან 9 თვის შემდეგ საპატიმროში მოინახულა. შეხვედრის შემდეგ კი განაცხადა, რომ ე.წ. ციანიდის საქმე მის წინააღმდეგ დაგეგმილი შეთქმულება იყო.
დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ხმაურიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, მკვლელობის მომზადებისთვის 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. გიორგი მამალაძეს შეწყალების თხოვნაზე ქვეყნის მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტებმა უარი უთხრეს. მას ციხეში კიდევ 6 წლის გატარება მოუწევს.