საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩიჩილაკის მომზადების წესისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მინიჭების საკითხზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკოლოზ ანთიძეს შეხვდა. ინფორმაციას ზურაბიშვილი საკუთარ „ფეისბუკის“ გვერდზე ავრცელებს.
როგორც ანთიძემ განაცხადა პრეზიდენტმა ძალიან კარგი ინიციატივა წამოაყენა, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქართულ იდენტობას.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. შევხვდით საქართველოს პრეზიდენტს, მისი ინიციატივის შემდგომში განვითარების მიზნით, ეს ეხება გურიაში კალანდობასა და ჩიჩილაკის მომზადების წესის, როგორც არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაში წარსადგენად საკმაოდ საინტერესო და კარგ ელემენტს.
დეტალებში გავიარეთ საკითხი, თუ როგორ უნდა მომზადდეს და დავიწყეთ ამ საჯარო განცხადების შემდეგ ამაზე ზრუნვა. ძალიან კარგი ინიციატივაა ჩვენი იდენტობის კიდევ ერთხელ წარმოსაჩენად“, - განაცხადა ანთაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ჩიჩილაკისა და კალანდობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის ინიციატივით გამოდის. განცხადება ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა გურიაში გააკეთა, სადაც ის კალანდობის დღესასწაულზე დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობდა.
