logo
ENG



მშვილდაძე:კულტურის სამინისტრო განვათავსოთ ქუთაისის პარლამენტის შენობაში და ორი პრობლემის ნაცვლად, დაგვრჩება ერთი

20 იან 202023:55
3 წუთის საკითხავი
 
2z8f941ilty5byw.png

გადაცემას კარგი ამბით დავიწყებთ – საქართველოს ხელისუფლებამ კალათბურთის მსოფლიო ფედერაცია საბოლოოდ მაინც ვერ გადააგდო, - ამის შესახებ გადაცემის „თითქმის ყოველდღე მიშა მშვილდაძესთან ერთად“ წამყვანმა მიშა მშვილდაძემ განაცხადა.

მშვილდაძის თქმით, ულტრათანამედროვე 15 000-კაციანი დარბაზის აშენებასთან დაკავშირებით, 200 000 ლარის „გაპრავებები“ გაუფუჭდა.

„გასული წლის ივლისში კალათბურთის მსოფლიო ფედერაციას პირობა მივეცით, რომ ულტრათანამედროვე, 15.000-იან დარბაზს ავაშენებდით. დაგვიჯერეს და 2021 წლის კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოგვცეს.

დეკემბერში ხელისუფლებამ გვითხრა, რომ ახალი სპორტის სასახლე აღარ აშენდებოდა და ყველაზე კარგი ვარიანტი ოლიმპიური არენის გადაკეთება და რეკონსტრუქცია იქნებოდა. ამდენი ხნის განმავლობაში სამთავრობო მედია, ბოტები და ტროლები აპრავებდნენ ამ გადაწყვეტილებას....რაში გვჭირდება ამდენი დარბაზი, ჩავუტაროთ რეკონსტრუქცია მაღლივის ოლიმპიურ სასახლეს და ფული დავზოგოთო.

გავიდა თითქმის ერთი თვე და გუშინ, განგვიცხადეს:

„აღმოჩნდა, რომ არის საშუალება, არ მოხდეს ძველი სასახლის დემონტაჟი, არამედ აიგოს სრულიად ახალი 10-ათასკაციანი დარბაზი, რომელიც ევრობასკეტის მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს“.

მე რომ სამთავრობო მედიის ჟურნალისტი ან ბოტი ვიყო, ძალიან გავბრაზდებოდი. ჩამოყალიბდით საბოლოოდ რას აკეთებთ და იმ საბოლოო ვერსიას „გააპრავებენ“. რეკონსტრუქცია რომ სჯობს, ეგ „გაპრავებები“ ჰო გადაიყარა წყალში? შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნახევარი მილიარდის ღირებულების ც ჰეპატიტის  წამლების შემდეგ, მთავრობას დაახლოებით 200 000 ლარის „გაპრავებები“ გაუფუჭდა“, - განაცხადა მშვილდაძემ.

მშვილდაძე პარლამენტში დაბრუნებაზე ზაქარია ქუცნაშვილის უარსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს კარგთან ერთად, სევდიანი ამბავიცაა.

„ადამიანი, რომელმაც პოლიტიკური კარიერა ასლან აბაშიძის პარტია აღორძინებაში დაიწყო, ადამიანი, რომელმაც გავრილოვი ჩამოიყვანა... აი, ასეთი ადამიანიც კი უარს ამბობს პარლამენტში დაბრუნებაზე. წარმოგიდგენიათ რა დონის პარლამენტი გვყავს?“.

წამყვანი განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფის თემასაც შეეხო. მშვილდაძის თქმით, ის, რომ სამთავრობო მედიის ჟურნალისტი იყოს, კიდევ რთხელ გაბრაზდებოდა.

„მთავრობამ განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფის გადაწყვეტილება მიიღო. 2018 წელს გააერთიანეს ეს სამინისტროები და ახლა ისევ ყოფენ. მე რომ სამთავრობო მედიის ჟურნალისტი ვიყო ან ბოტი, აქ კიდევ ერთხელ გავბრაზდებოდი. ერთი 200 000 ლარის გაპრავება აქაც გაუფუჭდათ, რადგან მთავრობამ ვერა და ვერ გადაწყვიტა რა მოუხერხოს კულტურის სამინისტროს, რამდენიმე იდეას მეც მოგაწვდით:

კულტურის სამინისტრო 6-6 თვით, რიგ-რიგობით შევუერთოდ ყველა სამინისტროს... 6 თვით შსს-ს, 6 თვით თავდაცვას, 6 თვით ეკონომიკას, 6 თვის სოფლის მეურნეობას და ა.შ. დავაკვირდეთ და რომელ სამინისტროსთან შეერთებაც გაამართლეს, საბოლოოდ, იმ სამინისტროსთან დავტოვოთ შეერთებული.

კულტურის სამინისტრო განვათავსოთ ქუთაისის პარლამენტის შენობაში და 2 პრობლემის ნაცვლად, დაგვრჩება 1 პრობლემა – რაში გამოვიყენოთ ქუთაისის პარლამენტის შენობა, რომელშიც კულტურის სამინისტროა განთავსებული?

შევუერთოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და სალომე რომ იყიდის ირანულ მამლებს და რუსულ „ლუსტრებს“, კულტურით „გაპრავდება“. აბა პრეზიდენტს მართლა რად უნდა ირანული მამლების წყვილი?

მეოთხე ვერსია გვაქვს, რომ იყოს ცალკე სამინისტროდ“, - განაცხადა მშვილდაძემ.

წამყვანმა გადაცემაში ახალი რუბრიკაც წარადგინა - „სიების მბრძანებელი“. არჩეულ იქნა სამი ყველაზე ცუდი სია, სადაც დეპუტატები მოხვდნენ.

„ავირჩიეთ სამი ყველაზე ცუდი სია, სადაც დეპუტატები მოხვდნენ...

ესენია: არასწორად შევსებული დეკლარაციები, დეპუტატები, რომლებსაც აერიათ წითელი და მწვანე ღილაკები და პროპორციული კანონპროექტის ჩამგდები დეპუტატები.

დიმიტრი ხუნდაძე, ვიქტორ ჯაფარიძე, გოჩა ენუქიძე, ენზელ მკოიანი, გოდერძი ჩანქსელიანი, კობა კობალაძე - ესენი მოხვდნენ სამივე სიაში. ანუ,  არასწორად შეავსეს ქონებრივი დეკლარაცია, აერიათ წითელი და მწვანე ღილაკები და ჩააგდეს პროპორციული არჩევნები.  

ბონუსად გთავაზობთ ადამიანს, რომელიც არამარტო ამ სიებში, აბსოლუტურად ყველა სიაში მოხვდა, რომელშიც მოხვედრას არ ვისურვებდი დეპუტატი რომ ვიყო - ეს ადამიანია სამველ მანუკიანი.

სამველ მანუკიანმა, გარდა იმისა რომ არასწორად შეავსო დეკლარაცია, აერია წითელი და მწვანე ღილაკები და ჩააგო პროპორციული არჩევნები, მოხვდა იმ დეპუტატების სიაში, რომლებმაც არასაპატიო მიზეზით 2-ზე მეტჯერ გააცდინეს სხდომა და დაჯარიმდნენ. ასევე მოხვდა იმ დეპუტატების სიაში, ვისაც პარლამენტში საერთოდ არ ამოუღიათ ხმა...

სამველმა თავისი დუმილი ასე ახსნა:

ჩემი ქართული ძალიან ცუდია, პლენარულ სხდომაზე ჩემი ქართულით რომ დავიწყო საუბარი, ეს არ იქნება ლამაზი, რუსულადაც არ ღირს იქ საუბარი. ქუჩაში ან სადმე რომ შევხვდეთ, ქართულად დაგელაპარაკებით, მაგრამ პარლამენტში რომ ვისაუბრო, კომპლექსი მაქვს.

მოკლედ, „სიების მბრძანებელი" გახდა „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი სამველ მანუკიანი“, - განაცხადა მშვილდაძემ.

წამყვანმა გადაცემის ბოლოს კიდევ ერთი რუბრიკა შესთავაზა მაყურებელს - „დიდი დაბრუნება.

„ირმა ინაშვილი მთელი თავისი ბრწყინვალებით დაბრუნდა და NDI და IRI ტერორიზმში დაადანაშაულა: ის, რასაც აკეთებს NDI-სა და IRI-ს თბილისის ოფისების მენეჯმენტი ადგილობრივ ქართულ კომპანიასთან ერთად, ეს არის ტერორის ერთგვარი ფორმა NDI-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, ქალბატონი ლორა თორნტონი, მე ასე ვფიქრობ, რომ ფინანსურად არის დაინტერესებული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან. მე მოვითხოვ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა დაიწყონ გამოძიება.

კარგი რა ქალბატონო ირმა?! რა აზრი აქვს თორნტონის დაჭერას? დაიჭერ თორნტონს, სხვას დანიშნავენ... პირდაპირ დიდ თევზებზე გავიდეთ – ბაიდენი დავიჭიროთ, პომპეო, ტრამპი...“, - განაცხადა მშვილდაძემ.


close დახურვა