საქართველოს სახალხო დამცველი 2020 წლის 23 იანვარს სპეციალური პენიტენციური სამსახურის-იუსტიციის სამინისტროს მიერ სახალხო დამცველის პატიმრებთან შეხვედრის თაობაზე დეტალების გასაჯაროების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ფუნდამენტური პრინციპების ხელყოფის გარდა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის/იუსტიციის სამინისტროს მიერ უხეშად დაირღვა საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის ნორმა, რომლის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის შეხვედრა დაკავებულებთან, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდულ პირებთან და მსჯავრდებულებთან, კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია.
„ის საკითხი, თუ ვის შეხვდება სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი არის კონფიდენციალური ინფორმაცია და მისი გამჟღავნება წარმოადგენს სახალხო დამცველის საქმიანობაში ჩარევას, მასზე ზემოქმედებისა და მისი სამსახურეობრივი საქმიანობისთვის ხელშეშლის მიზნით. მოცემული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლით განსაზღვრულ დანაშაულს.
გუშინდელი განცხადება წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური თავდასხმის კამპანიის გაგრძელებას. სახიფათო და დაუშვებელია იუსტიციის მინისტრის მიერ ისეთი უწყების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, როგორსაც წარმოადგენს სპეციალური პენიტენციური სამსახური, სადაც სასჯელს იხდიან სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებისა თუ მსოფლმხედველობის პირები. მოცემულ ფაქტს უნდა მოჰყვეს დაუყოვნებლივი სამართლებრივი რეაგირება და ყველა ის პირი უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რომელმაც სცადა სახალხო დამცველზე ზემოქმედება მისი საქმიანობისთვის ხელშეშლის მიზნით.
მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მოვუწოდებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გააკეთონ სახალხო დამცველის მხარდამჭერი განცხადებები. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას მომცენ ჩემი თანამშრომლების საქმიანობის უსაფრთხოების გარანტიები პენიტენციურ სისტემაში, რომ მომავალში ჩვენ არ უნდა ველოდეთ უკანონო ქმედებებს ან რაიმე ტიპის პროვოკაციებს. მომცენ გარანტიები, რომ ჩვენი ურთიერთობა პატიმრებთან აღარ დაექვემდებარება თვალთვალს და დაცული იქნება კონფიდენციალურობა. მოვუწოდებ საქართველოს პროკურატურას დაიწყონ დაუყონებლივ გამოძიება სახალხო დამცველის მიმართ უფლებამოსილების განხორციელების ხელისშეშლის და ზემოქმედების ფაქტზე. მოვუწოდებ საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, შეწყვიტოს სახალხო დამცველის მიმართ უკანონო ქმედებები, იფიქროს ქვეყანაზე და არა საკუთარ თავზე, იფიქროს პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებზე, იფიქროს რა შედეგი მოყვება მის ამგვარ უკანონო ქმედებებს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ქვეყანაში. რა შედეგი ექნება ამას ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ომბუდსმენი ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილსა და მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს შეხვდა.
თავის მხრივ, გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჩაიდინა დანაშაული, როდესაც ომბუდსმენის შეხვედრის კონფიდენციალობა პატიმრებთან დარღვია.
