logo
ENG



ელენე ხოშტარია: თუ მთავრობისთვის მოსაწონი ფორმით არ აკრიტიკებ ხელისუფლებას, დაისჯები სასამართლოში

28 იან 202012:27
3 წუთის საკითხავი
 

ადმინისტრაციული დაკავება, როგორც ხელისუფლების იარაღი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ - ამ თემაზე დისკუსიას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და არასამთავრობო ორგანიზაციები მართავენ. მსჯელობა ბოლო დროს აქციებზე დაკავებული აქტივისტების მაგალითზე მიმდინარეობს. დისკუსიის ერთ-ერთი განსახილველი თემაა ის, თუ რამდენად ტენდენციურია აქტივისტების დაკავება იმისთვის, რომ მათი გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს. 

დისკუსიის მონაწილეები ამბობენ, რომ 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ საპროტესტო აქციებმა ინტენსიური ხასიათი მიიღო. სასამართლო კი ადმინისტრაციულ დაკავებას იყენებს საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ, რათა შეზღუდოს მათი გამოხატვის თავისუფლება.

„შენ თუ მთავრობისთვის მოსაწონი ფორმით არ აკრიტიკებ ხელისუფლებას, ამისთვის დაისჯები სასამართლოში. ბიძინა ივანიშვილის გინება დასჯადია თუა არა, ამაზე მსჯელობაც კი ნიშნავს, რომ ჩვენ ქვეყანაში აზრის გამოხატვა იზღუდება. რუსეთში იყო მსგავსი, როდესაც მერე გაჩნდა ცარიელი პლაკატები - ეს იყო პროტესტის ფორმა იმიტომ, რომ პუტინზე არაფერი ცუდის თქმა არ შეიძლებოდა და ამ ტენდენციისკენ მივდივართ ზუსტად,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიამ.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის თამარ კორძაიას განცხადებით, დაკავებებით ხელისუფლება ცდილობს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. მისივე თქმით, პოლიციელებს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეუძლიათ ახალგაზრდები დააკავონ, წაიყვანონ და ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯონ.

ყველა ადმინისტრაციული დაკავება ხელისუფლების მხრიდან არის უფლებამოსილების გადამეტება და ამის მიზანი არის ერთადერთი, რომ შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეუძლიათ ახალგაზრდები დააკავონ, წაიყვანონ და ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯონ. ბოლო გადაწყვეტილებები დაკავებებთან დაკავშირებით იყო კატასტროფული, სასამართლომ გადაწყვეტილებაც ვერ მიიღო, ისე უკანონოდ მოქმედებს პოლიცია.

დისკუსიის მონაწილეები ამბობენ, რომ აუცილებელია ცვლილებების შეტანა ადმინისტრაციულ კოდექსში. თუმცა ამ ვითარებიდან მთავარ გამოსავლად მათ მიაჩნიათ, რომ სასამართლო უნდა გახდეს დამოუკიდებელი და თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან.

 


close დახურვა