ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 19 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს.
საქართველოს მთავრობის კრიტიკა Washington Examiner-ში
„რატომ არის საქართველოს მთავრობისთვის მისაღები, რომ რამზან კადიროვი მათი ქვეყნის მოქალაქეების მოკვლას ცდილობს?“ ამ სათაურით სტატიას გავლენიანი გამოცემა „ვაშინგტონ იგზემინერი'' აქვეყნებს. სტატიის ავტორი წერს, რომ ქართველი პოლიტიკოსები იმედგაცრუებულები დარჩებიან თუ ფიქრობენ, რომ მათი შემრიგებლური პოზიციით კადიროვის და პუტინის მადლიერებას დაიმსახურებენ.
პუბლიკაციის ავტორი ტომ როგანი ხაზს უსვამ ფაქტს, რომ ჩეჩნეთის ლიდერმა საკუთარი ტელეგრამის პოსტში გააორმაგა მუქარა გაბუნიას მისამართით და მწვავედ გააკრიტიკა საქართველოს მთავრობაც.
„ეს ძალიან სამწუხარო მდგომარეობაა. მკვლელის მიმართ ქედის მოხრით, საქართველო მხოლოდ ხელს უწყობს შემდგომი აგრესიის განხორციელებას ამ მკვლელის და პუტინის მხრიდან. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს უკვე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, ეს სტრატეგია არც თუ ისე ჭკვიანურია,” - წერია სტატიაში. ტომ როგანმა შეერთებული შტატების კონგრესს ამ საკითხის შესწავლისა და ჩეჩნეთის ლიდერისთვის დამატებითი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გაიმართება. 21 ივნისს კი პროექტი პირველი მოსმენით რიგგარეშე სხდომაზე გავა. დოკუმენტის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით, 120/30 პროპორციით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. ცვლილებების მისაღებად 113 დეპუტატის ხმაა საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტი ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერის გარეშე, ჩავარდება. საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებამდე პროცესში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. პროექტის ჩავარდნაზე პასუხისმგებლობას ოპოზიცია ხელისუფლებას, ხელისუფლება კი ოპოზიციას აკისრებს.
რესპუბლიკელი კონგრესმენის განცხადება
რესპუბლიკელი კონგრესმენი, მარკუეინ მალინი, შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩს სიცრუეში ადანაშაულებს. კონგრესმენმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე დავით ბაქრაძის ის კომენტარი გააზიარა, სადაც ქართველი დიპლომატი აცხადებს, რომ რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე ხელმომწერი კონგრესმენების ნახევარი, ანგარიშის იმ ნაწილს არ იზიარებს, რომელიც ივანიშვილს ეხება.
„ვნახე ეს სტატია ქართულ პრესაში. შეცდომას ნუ დაუშვებთ, ეს სიცრუეა. მე და ჩემი კოლეგები რესპუბლიკური პარტიის შემსწავლელ კომიტეტიდან თავისუფლების დამცველები ვართ და უკან არ დავიხევთ პუტინის თანამზრახველების წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის არც საქართველოში," - წერს მალინი სოციალურ ქსელში.
დღეს გაერთიანებული ოპოზიცია მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს
ხელისუფლების ოპონენტების შეხვედრა ლეიბორისტული პარტიის ოფისშია ჩანიშნული. ოპოზიციონერთა განმარტებით, პარტიებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და მაჟორიტარების სია უკვე შეთანხმებულია. გაერთიანებაში ამბობენ, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებად მნიშვნელოვანი ფიგურები დასახელდებიან.
ანას ბაღის მცველებს უთვალთვალებენ
აქტივისტების თქმით, ბაღის მიმდებარედ სეირნობისას მათთან პოლიციის 5 ეკიპაჟი მივიდა. გიორგი ფხალაძის განმარტებით, პოლიციის თანამშრომლებს მათი გაჩერების არანაირი საფუძველი არ გააჩნდათ. ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ხაბეიშვილი ამტკიცებს, რომ ეს ფაქტი მმართველი გუნდის მიერ სამოქალაქო აქტივისტების თვალთვალზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.
20 ივნისის აქცია
სამოქალაქო მოძრაობის წევრები 20 ივნისს პარლამენტთან აქციის გამართვას გეგმავენ. ორგანიზატორების თქმით, ხელისუფლების ქმედებები 1 წლის თავზეც სირცხვილია. პანდემიის გამო აქცია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით ჩაივლის.
20 ივნისს გამართულ საპროტესტო აქციის ტალღას ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან. ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით ეს დღე ქართველი ხალხის გამოხატულებაა. ოპოზიცია 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით, გიორგი გახარიას იმ განცხადებასაც გამოეხმაურა სადაც პრემიერს მეორეხარისხოვნად მიაჩნია, თუ ვინ გასცა სისხლიან ღამეს დარბევის ბრძანება. ოპოზიციის თქმით, ეს განცხადება მმართველი პარტიის სახეა.
შეგახსენებთ, 2019 წლის 20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მივიდა და პარლამენტის თავმჯდომარის სკამიც მოირგო, რასაც საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტი მოყვა, შედეგად მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან გადადგა, საპროტესტო აქცია კი ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი დაშავდნენ აქციის მონაწილეები და ჟურნალისტებიც. .
დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს შორის
პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შემდეგ ანა დოლიძეს, ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს დატოვებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ჯანეზაშვილის განცხადებით, კონსტიტუციაში ხარვეზია და ანა დოლიძეს ვადის ამოწურვამდე ვერავინ გაათავისუფლებს. დოლიძის პლატფორმაში შემავალი პირების განცხადებას ჯანეზაშვილი მის საქმიანობაში ჩარევად აფასებს. შეგახსენებთ, ანა დოლიძემ, ალეკო ელისაშვილმა და ლევან კობერიძემ პოლიტიკური პლატფორმის შექმნაზე მემორანდუმს ხელი გუშინ მოაწერეს. პოლიტიკური საქმიანობაში ჩართვის შემთხვევაში, დოლიძეს საბჭოს დატოვება 15 ივნისს 7-მა არასამთავრობო ორგანიზაციამაც მოსთხოვა.
„ნაზი ჯანეზაშვილის მხრიდან ჰიპერაქტიურობა მაფიქრებინებს, რომ ის სათავეში უდგას მიქაუტაძის, გვრიტიშვილისა და მეთოფიშვილის კლანის კამპანიას,“ - ასე უპასუხა ანა დოლიძემ ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას.
COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში
895 ინფიცირებული, მათგან 741 გამოჯანმრთელებული და 14 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 264 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 2855 პირი.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 8.5 მილიონს გადააჭარბა. მათგან, ვირუსი 4.5 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 456 ათასს აღემატება. ამ დროისთვის 54 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.
ეპიდვითარება კვლავ მძიმეა ბრაზილიაში, სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსი 23 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. COVID-19 აქ ჯამში 985 ათასამდე ადამიანს უდასტურდება, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 48 ათასს აღწევს, მათგან ბოლო 24 საათში 1204 ადამიანი დაიღუპა.