ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 13 დეკემბერს უნდა იცოდეთ
COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2 720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 942 და გარდაიცვალა 46 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 189 726-ს მიაღწია. აქედან 158 183 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 790 კი გარდაიცვალა.
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 72.1 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 50 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 1.6 მილიონს აჭარბებს. ამ დროისთვის 106 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.
ისტორია საქართველოში მცხოვრებ ირანელ ქალზე, რომელსაც ემუქრებიან
ირანელი ქალი, 2 მცირეწლოვნის დედა ამბობს, რომ თბილისში, ემიგრაციაში 4 წელია ცხოვრობს. საქართველში ჩამოსვლისას მას და მის შვილებს აქ ცხოვრების უფლება 2 წლით მისცეს. თუმცა ვადის ამოწურვის შემდეგ უთხრეს, რომ ის „ქვეყნისთვის საშიში იყო". ძალადობას გამოქცეული მინა დაშთესთანი ამბობს, რომ ახლა მისი და მისი შვილების სიცოცხლე ძალიან დიდი საფრთხის ქვეშაა, რადგან ირანში მას საჯაროდ დასჯა ემუქრება, მიზეზი კი - სამოქალაქო აქტივიზმი და ქალთა უფლებების საჯარო დაცვაა.
ნახეთ სრული სიუჟეტი:
ოცნების მინისტრი, რომელიც კლანურ ბრძოლას შეეწირა - ივანიშვილის გარემოცვის კიდევ ერთი სკანდალი
საყვარელი დეიდაშვილის ელექტროენერგიის იმპორტის საეჭვო სქემა. საშუამავლო კომპანია 35 000 000$ მილიონი და დენის გაძვირებული ტარიფი. „ოცნების” მინისტრი, რომელიც კლანურ ბრძოლას შეეწირა. გასაიდუმლოებული კონტრაქტი და ივანიშვილის გარემოცვის კიდევ ერთი სკანდალი.
ეს და სხვა საინტერესო თემები ნახეთ დღეს „დროებაში” - ზუსტად 20:00 საათზე!
წიგნი „ჰარი პოტერის” პირველი გამოცემიდან £68 ათასად გაიყიდა
„ჰარი პოტერისა და ფილოსოფოსის ქვის” პირველი გამოცემა აუქციონზე 68 000 ფუნტად გაიყიდა. ის ერთ-ერთი იყო 1997 დაბეჭდილი 500 წიგნიდან, რომელმაც „ჰარი პოტერი” გლობალურ ფენომენად აქცია. კიდევ ერთი ეგზემპლარი, რომელიც ერთ დროს ქუჩის დახლზე 50 პენსად გაყიდეს, აუქციონზე 50 000 ფუნტად იყიდეს.
„ჰარი პოტერი და ფილოსოფოსის ქვა" 1997 წელს მხოლოდ 10.99 ფუნტი ღირდა.