თბილისსა და რეგიონებში ფიტნეს სივრცეებში მოქალაქეები რუსული ტრენაჟორებით ვარჯიშობენ. ჯამში 10 მილიონ ლარზე მეტი საქართველომ ბიუჯეტიდან რუსულ მწარმოებლებს გადაუხადა. სახელმწიფო ტენდერებში ძირითადად ორი კომპანია „ჯეო-პარკი" და „გეო-გრინი“ იმარჯვებენ. სახელმწიფოს რუსული ტრენაჟორების ჩამოტანას ეს კომპანიები სთავაზობენ და ტენდერებს იგებენ. სკვერებში თითო ფიტნეს მოედნის მოწყობა 15-დან 20 ათას ლარამდე ჯდება. დაახლოებით ამდენივე ღირს ჩინური და თურქული პროდუქციაც. რატომ რუსული? - კითხვებს კომპანიებში არ პასუხობენ.
გაუგებარია ასევე, რატომ ანიჭებს დედაქალაქის, ქუთაისისა თუ სხვა ქალაქების მერიები უპირატესობას რუსულ პროდუქციას თურქულთან და ჩინურთან შედარებით, - ამაზე არგუმენტირებული პასუხის ნაცვლად „ფორმულამ“ თბილისის მერის ირონიული კომენტარი მოისმინა.
ბიუჯეტის ფულით რუსული წარმოებული ტრენაჟორების შესყიდვას აკრიტიკებენ ოპოზიციაში. მათი განცხადებით, იმის ნაცვლად ,რომ სახელმწიფომ ადგილობრივი წარმოება განავითაროს, და ასეთი მარტივი კონსტრუქციები ადგილზე დაამზადებული შეიძინოს, ოკუპანტი ქვეყნისგან ყიდულობს. მათთვის ქართული სახელმწიფოს ფულის რუსეთში გადინება მიუღებელია.
