13 ივნისის სტიქიის დროს სახელმწიფო უწყებების დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ოპოზიციაში ეხმაურებიან.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი "ფორმულასთან" საუბარში იხსენებს, რომ უწყებას სამაშველო ვერტმფრენები იმ პერიოდში არ ჰქონდა.
"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ ჰქონდა მაშინ სამაშველო ვერტმფრენი, რომლის გამოყენებაც ამ ვითარებაში იქნებოდა შესაძლებელი. ორი ვერტმფრენი, რომელიც გვქონდა იყო მიხეილ სააკაშვილის დროს ნაყიდი, რომელიც სრულად აღჭურვილი იყო, იყო გაჩერებული. ჩვენი ერთადერთი შეცდომაა, რომ იმ ვერტმფრენების დროულად გაყიდვა და მათ ნაცვლად ახლების ყიდვა ვერ შევძელით“, - ამბობს ხიდაშელი.
სახელმწიფო უწყებების არაეფექტურ მუშაობაზე "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე საუბრობს.
"სახელმწიფო უწყებები, როდესაც გამართულად მუშაობენ, ეს პირდაპირ კავშირშია მოქალაქეების დაცვასთან. მაშინ სამსახურებმა ძალიან ცუდად იმოქმედეს. არ გადაკეტეს დროულად ქუჩები. ივანიშვილის კუთვნილმა ვეფხვმა შეჭამა ადამიანი ლაგუნა ვერეზე“, - აღნიშნა კახიძემ.
აღნიშნულ საკითხს დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძეც ეხმაურება. ის მიესალმება სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
"გამოგვრჩა მთავარი - რატომ მოხდა ეს და სამსახურებმა როგორ იმუშავეს. ამ უბედურებამ მაშინ ხალხი ისე შეკრა, რომ არავინ დაინტერესებულა ამით. კარგია, რომ ეს ტრაგედია გვიან მაინც იქნა შესწავლილი და გამოვლენილი იქნა ის მიზეზები, რის გამოც მომავალშიც არ გვექნება ასეთი ტრაგიკული შედეგები“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტო, საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო დავით გაბიტაშვილის სიცოცხლის მოსპობაში დაადანაშაულა. როგორც ირკვევა, სახელმწიფო უწყებებმა სტიქიის მასშტაბები ვერ გათვალეს და ადამიანების გადასარჩენად სათანადოდ არ იმოქმედეს. სტიქიის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი მინისტრი ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობდა.
