არასამთავრბო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ „ქართული ოცნების“ დეპუტატ ენზელ მკოიანის ნათესავების კომპანიებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის შვილების, ძმისა და ბიძის სამ კომპანიასთან ჯავახეთში საწვავის შესყიდვაზე 674 სახელმწიფო შესყიდვა გაფორმდა, მათ შორის 665 პირდაპირი წესით.
როგორც ანგარიშიდან ირკვევა, კომპანიებმა ბიუჯეტიდან 2010-2019 წლებში 2 312 278 ლარი მიიღეს.
„ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის შვილების, ძმისა და ბიძის სამ კომპანიასთან ჯავახეთში საწვავის შესყიდვაზე 674 სახელმწიფო შესყიდვა გაფორმდა, მათ შორის 665 პირდაპირი წესით. კომპანიებმა ბიუჯეტიდან 2010-2019 წლებში 2 312 278 ლარი მიიღეს. თავად ენზელ მკოიანიც მაჟორიტარული ბიუროსთვის საწვავს მხოლოდ ოჯახის კომპანიიდან ყიდულობს - ოთხ წელში გაფორმებული 34 პირდაპირი შესყიდვით, ბიურომ შპს-ს 78 339 ლარი გადაურიცხა. აქედან 49 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები დეპუტატმა კომპანიის დირექტორთან, საკუთარ ბიძასთან პირადად გააფორმა.
ენზელ მკოიანი 20 წელია საქართველოს პარლამენტის წევრია. იგი ოთხჯერ ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, ბოლოს, მეხუთედ კი ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარულ ოლქში აირჩიეს „ქართული ოცნებიდან.
2008 წლის 6 მაისს, მკოიანებმა რუსეთის მოქალაქესთან და ბიზნესმენთან არამ სანოსიანთან ერთად ნავთობპროდუქტების დისტრიბუციის მიზნით, კიდევ ერთი შპს „ეს ჯი გაზ- კომპანი“ დააფუძნეს. მისი დირექტორი და 60% წილის მფლობელი არამ სანოსიანია, 20%-ს მისივე კომპანია „სატახა“ ფლობს, 20%-ს კი - „მეეკი”.
ორი წლის შემდეგ, საწვავის ბიზნესში, ენზელ მკოიანის უფროსი შვილი კარაპეტ მკოიანიც ჩაერთო. მან 2010 წლის 26 აპრილს, ახალქალაქში, შპს „ახალგაზი“ დააფუძნა. მაშინ იგი 50% წილს შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციას“ უყოფდა, ახლა კი ამავე პროცენტით წილში შპს „ნეოგაზი“ ჰყავს.
გამარტივებული შესყიდვები
“მეეკმა” და “ეს ჯი გაზ - კომპანიმ” 2010 წლიდან დღემდე ყველა სახელმწიფო შესყიდვა ბენზინზე, დიზელსა და თხევად აირზე მხოლოდ ახალქალაქისა და ნინოწმინდის საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მიიღეს: „მეეკთან” სულ 502 სახელმწიფო შესყიდვაა გაფორმებული, ხელშეკრულებების საერთო ღირებულებით 1 198 684 ლარზე. „ეს ჯი გაზ - კომპანის” კი 171 სახელმწიფო შესყიდვა აქვს მიღებული, ჯამში, 1 111 994 ლარზე.
მკოიანების კომპანიებს ახალქალაქთან შედარებით მეტი შესყიდვა ნინოწმინდის მერიასა და მის შპს/ააიპ-ებში აქვთ. მაგალითად, 2012 წლიდან დღემდე ახალქალაქის მერიამ საწვავის 28 შესყიდვიდან „მეეკთან“ მხოლოდ 2 გააფორმა, ჯამში 9 400 ლარზე. ახალქალაქის მერიის ძირითადი მიმწოდებლები „რომპეტროლ საქართველო“ და „ლუკოილ ჯორჯია“ არიან.
ნინოწმინდის მერიამ კი 61 შესყიდვიდან 58 შემთხვევაში ხელშეკრულებები მკოიანების კომპანიებთან დადო. აქედან 2 ტენდერით და 56 პირდაპირი შესყიდვით. ორივე ტენდერში ერთადერთი პრეტენდენტი „მეეკი” იყო და ჯამში 181 000 ლარით მოიგო კიდეც. 56 გამარტივებული შესყიდვიდან კი „მეეკთან“ - 52 და „ეს ჯი გაზ - კომპანისთან“ - 4 გაფორმდა. დანარჩენ 3 შემთხვევაში მყიდველი შპს „ლუკოილ ჯორჯია“ იყო. შესაბამისად, ნინოწმინდის მერიის მიერ საწვავში გახაჯული 668 515 ლარიდან მკოიანების კომპანიებს ჯამში 513 315 ლარი დაერიცხათ. აქედან „მეეკს“ - 383 080 ლარი, „ეს ჯი გაზ - კომპანის“ კი - 130 235 ლარი.
ჯავახეთში, მუნიციპალური უწყებები თუ შეშას არ ყიდულობენ, მაშინ ხელშეკრულებებს პირდაპირი შესყიდვის წესით, ხშირად მხოლოდ „მეეკთან”, ან „ეს ჯი გაზ - კომპანისთან” აფორმებენ. („ეს ჯი გაზ - კომპანი“ ჯავახეთში გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო და სარემონტო სამუშაობსაც აწარმოებს)“, - ნათქვამია ანგარიშში.
იხ. სრული ანგარიში.
