მონოლოგს დავიწყებთ ისეთი ამბით, რომელიც სიმართლე რომ იყოს, ამერიკული ღამის შოუებიც ამ ნიუსით დაიწყებოდა... სააკაშვილი და მერაბიშვილი ივანიშვილის ლიკვიდაციას გეგმავდნენ, - ასე დაიწყო გადაცემა „თითქმის ყოველდღე მიშა მშვილდაძესთან ერთად“ წამყვანმა მიშა მშვილდაძემ.
მშვილდაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის სოსო გოგაშვილი განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ პიჯაკებიდან ტერორისტობამდე ერთი ნაბიჯი ყოფილა.
გოგაშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიოში #1 ტერორისტული ორგანიზაციის, ISIS-ის უკან ნაციონალური მოძრაობა დგას. პიჯაკებიდან ტერორიზმამდე ერთ ნაბიჯი ყოფილა.
ჩავუღრმავდეთ ამ ამბავს. ISIS-ი შეიქმნა 1999 წელს. ტერორისტული ორგანიზაციის მიზანია აღადგინოს ისლამური ხალიფატი, რომელიც გადაჭიმული იქნება დაახლოებით ესპანეთიდან ინდოეთამდე, მთელი ჩრდილოეთ აფრიკის ჩათვლით. ნაციონალებსაც ეგ არ უნდათ? ფაქტობრივად, გამოძიებაც არ უნდა ამ საქმეს.. ერთი თხოვნა მექნება ქართულ ოცნებასთან – სააკაშვილს ტერორისტობას თუ დაუმტკიცებთ, კოსტიუმების საქმეზე აღარ დასაჯოთ. გენოციდს რომ ჩაიდენ, მერე მნიშვნელობა აღარ აქვს კოსტიუმები ბიუჯეტის ფულით იყიდე თუ არა....“, - განაცხადა მშვილდაძემ.
მშვილდაძემ მმართველ გუნდს თხოვნითაც მიმართა:
„და კიდევ ერთი თხოვნა ოცნებას - ISIS-ის საქმის გამოძიებას რომ მორჩებით, მერე პურის ფასის ზრდის მიზეზი რომ დაადგინოთ.
შეგახსენებთ, 2018 წლის 10 დეკემბერს, საქართველოს ისტორიაში ყველაზე კარგად დავიწყებულმა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ კონკურენციის სააგენტოს პურის ფასის ზრდის მიზეზების შესწავლა დაავალა. დღემდე სააგენტოს არ დაუდია დასკვნა რატომ გაძვირდა პური. ამასობაში კი, პური კიდევ ერთხელ გაძვირდა და ჯერ პირველი გაძვირების მიზეზიც არ არის დადგენილი.
მოკლედ, წელიწადი და ორი თვეა პურის ფასის ზრდის მიზეზის დადგენას ცდილობენ... წელიწადი და ორი თვე! წელიწადსა და ორ თვეში თემურ ლენგი პირველად შემოესია საქართველოს ააოხრა, უკან გაბრუნდა, ისევ შემოესია, ისევ ააოხრა და ისევ უკან გაბრუნდა“, - განაცხადა მშვილდაძემ.
წამყვანი საქართველოს პრემიერის ამერიკაში ვიზიტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ იქ გადაწყდება გახარია თბილისში დაბრუნდება თუ მოსკოვში.
„გადავიდეთ სხვა თემებზე...საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთმა კონგრესმენმა, ვილ ჰარდმა გააკრიტიკა. მოგვიანებით კი, ცნობილი გახდა, რომ გიორგი გახარია გაზაფხულზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა. ამ ვიზიტის შემდეგ გადაწყდება, გახარია თბილისში დაბრუნდება, თუ მოსკოვში.
გახარიას ვიზიტამდე, ამერიკაში არჩილ თალაკვაძე ჩავა და შეეცდება იქ ყველა დაარწმუნოს, რომ საქართველოში ყველაფერი კარგადაა. ამ გზაზე პირველი ნაბიჯი თალაკვაძემ უკვე გადადგა, გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქალიშვილისა და მისივე უფროსი მრჩევლის ივანკა ტრამპის ვიდეო გააზიარა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე - ანუ, ამას ნიშნავს როგორც ჩანს გახარიას დაპირება, რომ ამერიკელების გადმორწმუნებაში იქნებიან უაღრესად ეფექტურები - პირადად ვეტენებით - საინტერესო სტრატეგიაა იმ ვითარებაში, რომ სხვა გზა არც არი“, - განაცხადა მშვილდაძემ.
მშვილდაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის ცემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ხაბეიშვილის ადგილას, მოსამართლის გადაწყვეტილებით ბედნიერი იქნებოდა.
„გადავიდეთ კრიმინალურ-ტრაგიკურლ-სასაცილო ამბებზე. ლევან ხაბეიშვილს, რომელსაც ქოცებმა ჯგუფურად სცემეს, სასამართლომ 2 ათასლარიანი გირაო შეუფარდა. კიდევ კარგი ხაბეიშვილს სცემეს და არ დაჭრეს, თორემ ორთვიან პატიმრობას შეუფარდებდნენ უეჭველი...ხაბეიშვილს.
მოკლედ, სამმა კაცმა სცემა ლევან ხაბეიშვილს და ხაბეიშვილი დააჯარიმეს 2000 ლარით. და კიდე გიკვირთ ესენი რომ იძახიან აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყოო? დალაგდა ყველაფერი.
ხაბეიშვილის ადგილას ბედნიერი ვიქნებოდი მოსამართლეებმაც რომ არ სცემეს და ისე არ შეუფარდეს 2000-ლარიანი გირაო.
აქვე ისიც ვთქვათ, რომ არამარტო ხაბეიშვილს, ხაბეიშვილის ცემაში ბრალდებულ ადამიანებსაც შეუფარდეს გირაო. ესეც საქმეა!“, - განაცხადა მშვილდაძემ.
მანვე მონოლოგის ბოლოს კორონავირუსით შეშინებული ადამიანების დამშვიდებაც სცადა.
„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა: პირველ რიგში, ყველამ ნერვები დაიწყნაროს, იმიტომ, რომ ადამიანს, რომელსაც ასე ვთქვათ, ნერვული სტრესი აქვს, ყველა ინფექცია ადვილად ერევა.
მოკლედ, მეგობრებო, დაიკიდეთ ლარის კურსი, ოკუპირებული ტერიტორიები, დაბალი ეკონომიკური ზრდა, პროპორციული არჩევნები, უმუშევრობა, რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება, პურის ფასიც ზრდაც დაიკიდეთ და კორონავირუსი აღარ შეგეყრებათ“, - აღნიშნა მშვილდაძემ.
