პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ადამიანების დაპატიმრების წინააღმდეგია, მაგრამ გიგი უგულავას შემთხვევაში მისი პირადი შეფასება არაფერ შუაში არაა. როგორც ვოლსკი განმარტავს, ამ საკითხზე პოზიციას ვერ დააფიქსირებდა ვერც აშშ-ის წარმომადგენელი, რადგან ეს სამართლებრივი დავაა გიგი უგულავასთან.
„პროკურატურას აქვს პრეტენზია იმაზე, რომ 50 მილიონი მოიპარა უგულავამ. აქედან გამომდინარე, აშშ-ს წარმომადგენელმა რა კომენტარი უნდა გააკეთოს. ბავშვებს ჯართის მოპარვისთვის ახეხინეს ციხეები და... არ მიყვარს ადამიანების დაპატიმრება, მაგრამ ჩემი პერსონალური შეფასება არაფერ შუაში არაა", - აცხადებს გია ვოლსკი.
პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ არ ყოფილა თანხის მითვისება და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა, ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც უგულავას უკვე მოხდილი აქვს. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.
