logo
ENG



კახიძე: ევროპარლამენტში შეხვედრის მთავარი თემა იყო პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ხოლო საუბრის ტონი მკაცრი

12 თებ 202022:00
3 წუთის საკითხავი
 

საქართველო ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთო კახიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ევროპარლამენტარების ტონი იყო ძალიან მკაცრი და მომთხოვნი.

კახიძის თქმით, განსახილველ საკითხებს შორის ცენტრალური იყო საქართველოში კანონის უზენაესობა და დემოკრატიული საარჩევნო სისტემა.

„საუბრის ტონი იყო ძალიან მკაცრი და მომთხოვნი, ამავდროულად მეგობრული, ვინაიდან ევროპარლამენტი არის საქართველოს პარტნიორი ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანო და მასში წარმოდგენილი, ფაქტობრივად, ყველა პოლიტიკური ძალა საქართველოს მხარდამჭერია, ყველა მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიას და მეგობრული პოზიციიდან გვირჩევენ, რა უნდა გავაკეთოთ. მთავარი არის კანონის უზენაესობა, დემოკრატიული საარჩევნო სისტემა. ამ საკითხს რომ ეხებიან, ცხადია ვერ აუვლიან გვერდს იმ მძიმე ფონს, რაც ქვეყანაში „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა. ცენტრალური საკითხი იყო პოლიტიკური ოპონენტების დევნა და მთავარი გახლდათ გიგი უგულავას საკითხი, რაზეც პრაქტიკულად სრული კონსენსუსია, მათ შორის „ქართული ოცნება“ რომელ ჯგუფსაც მიეკუთვნება, სოციალისტების მხრიდანაც. 

საუბარი ძალიან კრიტიკული იყო, რომ უგულავას დაპატიმრების უკან არის პოლიტიკური მოტივაცია. არგუმენტებიც აშკარაა, რომელიც მე პირადად წარვადგინე. ევროპარლამენტის ფაქტების დამდგენი მისია მარტის მეორე ნახევარში ჩამოდის. ეს მისია შეაფასებს თუ რამდენად ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, მათ შორის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების კუთხით. ივანიშვილი და ვერავინ შეძლებს დასავლეთის პოზიციის იგნორირებას“, - აცხადებს კახიძე.

შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლებით აღკვეთა შეუფარდა. პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. 

უგულავას დაკავებას საქართველოს დასავლელი პარტნიორები გამოეხმაურნენ და ფაქტთან დაკავშრებით იმედგაცრუება გამოხატეს, ხოლო ოპოზიციამ განაცხადა, რომ ისინი ამ ფაქტიდან გამომდინარე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საარჩენო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვას აღარ აპირებენ.

ევროკავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით სპეცილური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლების ქმედებები პოლიტიკურ დიალოგს ხელს არ უწყობს.


close დახურვა