რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დღეს, 20:00 სააათზე, პარლამენტის შენობასთან მდუმარე აქცია დაანონსდა.
აქციას გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც უერთდება. ის მოქალაქეებს მოუწოდებს, პარლამენტთან მივიდნენ და ყველას აჩვენონ, რომ საქართველოში ცივილიზებული, ნორმალური ადამიანები ცხოვრობენ.
"თუ მართლა რამე გინდათ ამ ცხოვრებაში, თუ მართლა რამე გამოძრავებთ, თუ მართლა გიყვართ საკუთარი შვილები და აქ გინდათ იცხოვრონ, ხმა ამოიღოთ, აჩვენეთ ამ მართლა ყ...ბს, ვინ არის ყ.. დღეს საღამოს, 8 საათზე, გამოდით და ჩუმად დადექით. არავინ არაფერს გთხოვთ, არც მიტინგი იქნება, არც მიკროფონები, რაც ბღავილი და არაფერი. უბრალოდ გამოდით, ტრაკი გაანძრიეთ, 1 საათი დადექით და დაანახეთ ამ დედამო....ებს, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ცივილიზებული, ნორმალური ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ ნორმალური ქვეყანა ააშენონ", - განაცხადა ჯაფარიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ მედიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებზე განხორციელებული ძალადობა ხელისუფლებისა და საპატრიარქოს მიერ იყო ორგანიზებული.
"გუშინ რაც მოხდა, ეს იყო კატასტროფა ამ ქვეყნისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ამ ქვეყანაში მართლა უნდა ცხოვრება და გულწრფელად უნდა, რომ მისმა შვილებმა აქ იცხოვრონ. ეს იყო კარგად ორგანიზებული სპეცოპერაცია, რომელიც ჩაატარეს ერთად ხელისუფლებამ და საპატრიარქომ. გუშინ რაც ვნახეთ, ეს არის სიბნელე, რომელიც აფერხებს ამ ქვეყნის წინსვლას, კლავს ჩვენი შვილების მომავალს", - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები გუშინ თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს, საიდანაც 6 ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ჟურნალისტებზე ძალადობის დროს პოლიციას არავინ დაუკავებია. მოგვიანებით შსს-ში განაცხადეს, რომ ძალადობის 55 ფაქტი გამოავლინეს და 8 ადამიანი დააკავეს, თუმცა მხოლოდ ადმინსიტრაციული წესით.
1-ლი ივლისიდან საქართველოში თბილისი პრაიდის კვირეული დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც 5 ივლისს, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი.
პრურუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია 5 ივლისს დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, აძვრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა.
თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა.
პრაიდის კონტრაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობდნენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები.
თბილისი პრაიდმა განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ "ღირსების მარში" #სოლიდარობისთვის 5 ივლისს აღარ გაიმართებოდა. პრაიდის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალათ, ესარგებლათ შეკრების უფლებით.