
კირბალიდან გატაცებული არასრულწლოვანი თავისუფალია. საოკუპაციო რეჟიმმა მოზარდი ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცა. ამ დროისათვის ის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.
"ფორმულას" ინფორმაციით, მარიონეტულმა რეჟიმმა მოზარდის სანაცვლოდ გამოსასყიდი არ მოითხოვა, რადგან ის არასრულწლოვანია.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ჩვენთან საუბარში აცხადებს, მოზარდი სოციალურად დაუცველი ოჯახიდან არის და ის შეშის ჩამოსატანად იყო წასული. მათივე თქმით, მოზარდი დაკავების დროს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
ფაქტს უკვე გამოეხმაურნენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ხელისუფლება დეოკუპაციის და ე.წ. საზღვართან არსებული პრობლემების დასარეგულირებლად ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი "ფორმულასთან" საუბარში ამბობს, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ ხელისუფლებას პრობლემების გადასაჭრელად არაფერი გაუკეთებია.
"ეს არის იმის შედეგი, რომ თუნდაც არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებას უნდა შეემუშავა ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, მათ ვერ მოახერხეს რაიმე ქმედითი ნაბიჯები გადაედგათ ან ისეთი სია შეემუშავებინათ, რომ საერთაშორისო სანქციების რეჟიმზე ყოფილიყო საუბარი ან სხვა ნაბიჯი გადადგმულიყო, რომ რუსეთს პასუხი ეგო იმაზე, რაც მოხდა", - აცხადებს სამადაშვილი.
ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბრობს "კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანიც.
"წარმოიდგინეთ, ოკუპირებულ ქვეყანაში როგორ უნდა გვიბედავდეს ჩვენი ხელისუფლება, მაშინ როდესაც ხალხს დასავლეთი აქვს არჩეული, რომ ასე თამაშობდნენ და შემოჰყავდეთ რუსი ოკუპანტები", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა წამებით მოკლა. 22 თებერვალს ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა.
რაც შეეხება არასრულწლოვანს, ოკუპანტებმა ის დღეს გაიტაცეს.