logo
ENG



ანას ბაღში აქციას მართავენ - კომპანიის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა

24 თებ 202020:34
3 წუთის საკითხავი
 

მოსახლეობა მოხალისეებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად ისევ იკრიბება ანას ბაღში. მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის მიცემული ვადა იწურება. აქციაზე მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც კომპანიის წარმომადგენელი პოლიციამ განარიდა სიტუაციას.

იმ შემთხვევაში, თუ არ დადასტურდება, რომ მესერით შემოღობილი სკვერის ტერიტორია მართლაც კომპანიას ეკუთვნის, უკვე მეორედ ერთ ღამეში მოქალაქეები წერაქვებით და საკუთარი რესურსით ახალ ბაღს ააშენებენ.

ხმაური იყო დღეს მერიასთანაც -  სწორედ ამ ნებართვის მოსაპოვებლად მისულ აქტივისტებს მერიამ ცოცხალი კედელი დაახვედრა. 

თავად მერს მშენებლობასთან პრეტენზია არ აქვს. ადგილობრივები კი ამტკიცებენ, რომ მაღალსართულიანი კორპუსის აშენების შემდეგ, სკვერი სარეკრეაციო ფუნქციას დაკარგავს.

ანას ბაღი ვარკეთილის ამ დასახლებაში ერთადერთი ადგილია ბეტონის მაღალ კორპუსებს შორის, სადაც ბავშვებს თამაში შეუძლიათ. სწორედ ამიტომ ბაღის აღების შემდეგ მოსახლეობამ ალტერნატიული სკვერი ააშენა, ახალი მოედანი ახალი ნარგავებით კი გუშინ ღამე ისევ მშენებლების მძიმე ტექნიკას ემსხვერპლა. 


close დახურვა