არაფორმალური შეხვედრა ევროკავშირის ელჩის სახლში, რომელიც დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღევანდელ მოლაპარაკებებზე განხილული იყო რამდენიმე ვერსია, მათ შორის იყო მანდატების გადანაწილება პროპორციით 110/40-ზე, თუმცა ამბობენ, რომ ეს ოფიციალური შეთავაზება არ ყოფილა. რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნებს, ის უცვლელია და 2 ძირითადი პუნქტისგან შედგება, პირველი - შეწყდეს პოლიტიკური რეპრესიები და მეორე - ამოქმედდეს პროპორციულ სისტემასთან მაქსიმალურად მიახლოებული საარჩევნო სისტემა, შესაძლოა ეს იყოს დათქმა, რომლის მიხედვითაც მთავრობის დაკომპლექტებას შეძლებს ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს 40%-ზე მეტს.
„ბოლო დღეებში, როდესაც ჯერ კიდევ შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა, არის ბოლო მცდელობა საარჩევნო სისტემაზე პოზიციების დაახლოების. დღეს ბევრ თემზე იყო საუბარი. კონკრეტულ შემოთავაზებაზე საუბარი არ ყოფილა. საუბარი იყო იმაზე, თუ სად შეიძლება მოიძებნოს ისეთი წერტილი, რომელზეც შეთანხმება შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა.
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წარმომადგენლის მარიამ ჯაშის განცხადებით, შეხვედრაზე ახალ შეთავაზებებზე იყო საუბარი, თუმცა საბოლოო პოზიცია არ დაფიქსირდება მანამ სანამ დიალოგის რეჟიმი მიმდინარეობს.
„დღეს იყო ახალ შემოთავაზებებზე საუბარი, თუმცა საბოლოო კონკრეტული პოზიციის გაჟღერება ჯერ ძალიან ნაადრევია. საერთო პასუხისმგებლობაა, რომ არცერთი პრინციპული პოზიცია არ დაფიქსირდეს, ვიდრე დიალოგის ფორმალურ მაგიდაზე იქნება კონკრეტული წინადადება შეთავაზებული“, - განცხადა მარიამ ჯაშმა.
