„ევროპული საქართველო“ ფინანსთა სამინისტროს უმოქმედობასა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.
როგორც პარტიის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მაშინ, როდესაც სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული უწყბები კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად ნებართვას ელოდებიან, მხოლოდ შემოსავლების სამსახურმა, სარესტორნო მომსახურება გამარტივებული წესით 4-ჯერ შეისყიდა.
„ჩვენ გვყავს ხელისუფლება და მთავრობა, რომელსაც მუდმივად ვედავებით, რომ ჩაფლულია კორუფციაში, რომელიც მუდმივად ტენდერების გარეშე აძლევს შეკვეთებს კერძო კომპანიებს, ხშირად იყენებს ერთ პირთან მოლაპარაკებას, წინასწარ შესყიდვებს, სწორედ ამ მიმართულებით აქვს პრეტენზია ოპოზიციას, რომ არ ხდება საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა. მაგრამ ჩვენ ვნახეთ, როგორც კი საქმე შეეხება სერიოზულ საკითხს, რაც არის მათ შორის საზღვრების დაცვა, მთავარი პრევენცია, რომ არ გავრცელებულიყო კორონავირუსი ქვეყანაში, მთავრობამ აამოქმედა ბიუროკრატიული მექანიზმები და ისინი ელოდებიან ნებართვას, რომ გაეკეთებინათ ეს შესყიდვები.
მაშინ, როდესაც საქმე ეხება კორუფციულ თემებს, ფულის კეთებას, გზების დაგებას, ინფრასტრუქტურულ სხვადასხვა პროექტებს, აქ ძალიან ერთმნიშვნელოვნად იღებენ სწრაფ გადაწყვეტილებებს, ერთ პირთან მოლაპარაკებას, ტენდერის გარეშე შეკვეთის გაცემას და ამ შემთხვევაში მთავრობამ არჩია, რომ ბიუროკრატიული მექანიზმები ბოლომდე აემოქმედებინა და დღესაც უმოქმედოდ არიან. ისინი ელოდებიან ნებართვას, რომ საზღვრები იყოს დაცული, მაგრამ როდესაც საქმე ეხება რესტორანში ქეიფს, ისინი არ ელოდებიან არანაირ ნებართვას და მარტო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, ამ პერიოდის განმავლობაში, 4-ჯერ მიიღო გადაწყვეტილება გამარტივებული შესყიდვის სარესტორნო მომსახურების შესახებ და ოთხჯერ იქეიფა რესტორნებში. ასეთი ხელისუფლება გვყავს და ჩვენი ბრიფინგი ემსახურება იმას, რომ გამოფხიზლდნენ და სადაც ზედმეტი ბიუროკრატიის ჩართვა არ არის საჭირო არ ჩართონ და როდესაც ფულის კეთებას ეხება საქმე, მაშინ არ გამოიყენონ გამარტივებული შესყიდვები და ერთ პირთან მოლაპარაკებები“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
