„ილაპარაკა ისეთ საკითხებზე, თითქოს პრეზიდენტი კი არა, უცხო პლანეტიდან ჩამოსულია“ - ასე აფასებენ ოპოზიციაში სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ პრეზიდენტს საქართველოში მიმდინარე არცერთ პრობლემაზე უსაუბრია.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი სათანადოდ ვერ აღიქვამს ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას და მან საპარლამენტო ტრიბუნა ამ თემებზე საუბრისთვის არ გამოიყენა.
„არ აქვს მნიშვნელობა რაზე ისაუბრა ზურაბიშვილმა დღეს პარლამენტში იმიტომ, რომ მისი ერთი წლის გაკეთებული საქმეებიდან საზოგადოებას ახსოვს მის მიერ ლავროვის მოწვევა საქართველოში, ახსოვს მკვლელების შეწყალება, დავით-გარეჯის პრობლემის შექმნა და ირანული ანტიკვარული მამლების შეძენა. ამიტომ, ამ ფონზე თუ რაზე ისაუბრა მან პარლამენტში არის მეათეხარისხოვანი, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ზურაბიშვილი არ წარმოადგენს ღირებულ პოლიტიკურ ფიგურას და ის ქართული ოცნების პოლიტიკური დანამატია“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს არცერთ მნიშვნელოვან თემებზე არ ისაუბრა, ამით კი მან დაამტკიცა, რომ არა ქართველი ხალხის პრეზიდენტი არამედ ერთი კაცის პრეზიდენტია, რომლის დავალებებსაც ის ასრულებს.
„ზურაბიშვილის გამოსვლა მოკლებული იყო რაიმე შინაარსს, ილაპარაკა ფეხბურთზე, ღვინოზე, თითქოს ის პრეზიდენტი კი არ არის არამედ უცხო პლანეტიდან არის ჩამოსული. არცერთი სერიოზული პრობლემა - პოლიტიკური კრიზისი, არაფორმალური მმართველობა, მოტყუებული მოსახლეობა, პროპორციული არჩევნები, არავითარი მწვავე საკითხები რუსეთთან დაკავშირებით. ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არ არის ქართველი ხალხის პრეზიდენტი ის არის ივანიშვილის პრეზიდენტი, რომელიც მის პირად დავალებებს ასრულებს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წარდგა. პრეზიდენტმა ქვეყნის ძირითად გამოწვევებზე, მათ შორის ოკუპაციაზე, სასამართლო რეფორმასა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა. სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესწრნენ.
პარლამენტში შემავალმა სამივე ოპოზიციურმა პარტიამ - ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და პატრიოტთა ალიანსმა ბოიკოტის რეჟიმი შეინარჩუნა და პროტესტის ნიშნად პრეზიდენტის მოხსენებას არ დაესწრო. ხელისუფლების ოპონენტები ზურაბიშვილს ივანიშვილის ხელდასმულ მმართველად მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ პრეზიდენტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებსა და მოვლენებს არ ეხება, ამიტომ სხდომაზე მისვლას აზრიც არ აქვს.
პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის პარალელურად, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია სამოქალაქო აქტივისტებმა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა გამართეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი არალეგიტიმური პრეზიდენტია და ის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს, რითაც ქვეყანას აზიანებს.
