ესტონეთის პრეზიდენტი დასავლეთს მოუწოდებს, არ დაივიწყოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. განცხადება ამის შესახებ კერსტი კალიულაიდმა ტელეკომპანია "ენბისისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. საუბრის მთავარი თემა რუსეთიდან მომდინარე საფრთხე იყო.
ესტონეთის ლიდერის შეფასებით, საქართველოს რეგიონების ოკუპაციის შემდეგ დასავლეთმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა და სწორედ ამის შედეგად წარმოიქმნა უკრაინის კრიზისი. კალიულაიდის თქმითვე, აუცილებელია, რომ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში დარჩეს.
"არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ამ დრომდე ოკუპირებულია. ხაზი კი რომელიც ამ ოკუპირებულ რეგიონებს დანარჩენი ქვეყნისგან ყობს, თანდათან ქვავდება. ხდება ბორდერიზაცია. მხოლოდ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახსოვს ეს და სხვა არავის. ჩვენ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ ეს საკითხები უნდა გადაიჭრას. უნდა გვქონდეს სტრატეგიული მოთმინება. წინააღმდეგ შემთხვევაში ცივი ომის პერიოდის მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდებით. ბალტიის ქვეყნები ოკუპირებული იყო. არასდროს გვიღიარებია ეს ოკუპაცია, მაგრამ საქმე ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა. არ გვსურს ამ შეცდომის გამეორება. რომ დავუბრუნდეთ საქართველოს და უკრაინას, სტრატეგიული შეცდომა იქნა დაშვებული. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ჩვენ დავუბრუნდით რუსეთთან ურთიერთობას ისე თითქოს არაფერი მომხდარა. ამან წაახალისა და შემდეგ ზვავი უკრაინაში ჩამოწვა",-აღნიშნა კალიულაიდიმ.
