logo
ENG



ბესელია ქადაგიძეზე: ხელისუფლების მხრიდან ძალიან არაკეთილსინდისიერი საქციელია ამ შემთხვევით სარგებლობა და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება

17 მარ 202014:44
3 წუთის საკითხავი
 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურა საპარლამენტო სესიაზე დღეს დადგება. მას კენჭს ცოტა ხანში უყრიან და გაირკვევა დაიკავებს თუ არა ქადაგიძე ამ თანამდებობას. უმაღლესი სასამართლო ინსტანციის თავმჯდომარის არჩევა უმრავლესობის დეპუტატებს დღეს ოპოზიციის გარეშე მოუწევთ. ოპოზიციონერი დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმს აგრძელებენ.

საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქადაგიძის დამტკიცება არის პოლიტიკური და სასამართლო ელიტის არაფორმალური გარიგების შედეგი, ისინი უნდობლობას უცხადებენ ამ პროცესს, და აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი შექმნილი ვითარებით სარგებლობს, მაშინ როცა საზოგადოების ყურადღება სხვა საკითხებზე არის მიმართული, ისინი პროცედურის დარღვევით ცდილობენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას.

 „ამ ვითარებაში, როდესაც ყველა მიმართულია ეპიდემიის წინაღმდეგ საბრძოლველად ძალიან არაკეთილსინდისიერი საქციელია ისარგებლო ამ ვითარებით და როდესაც მოდუნებულია ყველას ყურადღება გამოიყენო ეს ვითარება,  იმით რომ ნაჩქარევად, პარტიზანულად პროცედურების დაუცველად მიიღოს პარლამენტმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელმაც უნდა გაუძლოს მინიმუმ 10 წელს“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით,  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის არჩევა მოსალოდნელი იყო.

„სამწუხაროა, მაგრამ მოსალოდნელი იყო რომ ე.წ. კლანის წევრი იყო წარდგენილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. საზოგადოებას ჰქონდა ინფორაცია ამის შესახებ მოსმენები რომლებიც პარლამენტში შედგა მან ეს დაადასტურა კითხვა-პასუხისას, როდესაც გამოთქვა მზაობა, რომ პოლიტიკურ პროცესში ხელისუფლების მხარდასაჭერად და ოპონენტების სალანძღავად მოსამართლეების ჩართულობას უჭერს მხარს და მეორე საკვანძო დავისას საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ უკანონოდ ბიუროკრატების ინტერესებს იცავს“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რაც შეეხება მმართველ პარტიას საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ქადაგიძის დამტკიცების პროცესს ვერ გადადებენ და ის ფაქტი ,რომ ოპოზიცია კენჭისყრაში არ მონაწილეობს მათი განცხადებით, პროცესის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ არ აყენებს.

„სიტუაცია არ არის ფორსმაჟორული, ჩვენვე ვიყავით არჩევანის წინაშე, რომ გადაგვედო პროცესი განუსაზღვრელი ვადით, მეორე საკითხი იყო არაფორსირებულად არამედ გონივრულ ვადაში შემოვიდა კანდიდატურა საბჭოს მხრიდან, კანონის სრული დაცვით რის საშუალებასაც რეგლამენტი გვაძლევდა იმ ვადებში განგვეხილა. შესაბამისად დავიცავით რეგლამენტი სრულად, არავის არ ეჩქარებოდა, ვერ იტყვით, რომ პარლამენტის რომელიმე წევრს ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ჰქონდა სურვილი დაესვა შეკითხვა  და მათ ამის შესაძლებლობა არ მიეცათ “,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 


close დახურვა