საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროკავშირში ლეგალურად ყოფნის 90-დღიანი ვადის დარღვევა მოუწია, დაეხმარება.
განცხადება ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა, დავით ზალკალიანმა გააკეთა. მინისტრის თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს საელჩოები და საკონსულოები დაეხმარებიან. ზალკალიანის განმარტებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაციას კონკრეტულ ქვეყნებთან და ასევე, ევრო კომისიასთან გადის.
"ყოველდღიურ, 24-საათიან რეჟიმში ჩვენი საკონსულოები ყველა ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეების ზუსტ აღრიცხვას აკეთებენ. საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებიც კორონავირუსით არიან დაინფიცირებული. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ხშირად შემოდის კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებოდნენ შენგენის ზონაში და დარღვეული აქვთ დაწესებული, 90-დღიანი რეჟიმი, მათ შეექმნათ პრობლემები. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია როგორც ევრო კომისიასთან, ისე ინდივიდუალურად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ევროკომისიამ რეკომენდაციები გასცა ინდივიდუალური წევრი ქვეყნების მიმართ, რომ მიიღონ მათ შესაბამისი ზომები, რათა ამ ადამიანებს, რომლებსაც ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში შეექმნათ პრობლემა, გადაუვადდეთ ევროკავშირის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის ვადები. ამ მიმართულებითაც ჩვენი საკონსულოები და საელჩოები მზად არიან ამ კომუნიკაციაში ჩვენს მოქალაქეებს დაეხმარონ", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
