სინოდის გადაწყვეტილებით, საპატრიარქო ზიარების წესს კვლავ არ ცვლის. როგორც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტმა განაცხადა, სინოდის სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა. როგორც ის განმარტავს, ეკლესიის მისია არის, რომ საზოგადოება ცოდვის პანდემიისგან დაიცვას და აქედან გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება.
„ეკლესიის მისია არის ამ ცოდვის პანდემიისგან დაიცვას ქვეყანა. რაც შეეხება ფიზიკურ სიამოვნებას, ეს ყოველთვის იყო, არის და იქნება. აზრთა სხვასასხვაობა არ იყო იყო, იყო ერთმანეთის შევსება და ეს შეჯამებული აზრი ერთიანად გამოიხატა. ქრისტიანობა მარადიული ცხოვრებისკენ მოგვიწოდებს და ამბობს, რომ ეს ცხოვრება დროებითია. არავინ არ გადარჩენილა ცოცხალი, სიკვდილი ამ სოფლის გარდაუვალი მოვლენა არის, ამიტომ მთავარი სიკვდილი კი არ არის, მთავარია მარადიული ცხოვრება. ეკლესიაში მოდის ადამიანი, ვინც ჯანმრთელია, ავადმყოფს სახლში ვაზიარებთ“, - განაცხადა მიტროპოლიტმა იოანემ.
თეოლოგების ნაწილი საპატრიარქოს გუშინდელ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, მათთვის მიუღებელი და გაუგებარია საპატრიარქოს არგუმეტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი ქვეყანაში სიტუაცია გართულდება, სინოდის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს. მათი თქმით, თუკი გადაწყვეტილება ექვემდებარება გადახედვას, მაშინ რატომ რისკავს საპატრიარქო?
„თუკი უკვე პრეცედენტები შექმნილია იმისათვის, რომ ადამიანების ერთად ყოფნის გამო ხდება ამ ვირუსის გადადება, მაშინ რატომ არ შეიძლება პრევენციული ზომების მიღება ახლა? ის გადაწყვეტილებები, რომლებიც სხვა საპატრიარქომ მიიღო, ეჭვის შეტანა კი არ არის რწმენაში, პრევენციული ზომაა იმისთვის, რომ ადამიანები არ დაინფიცირდნენ. აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადება მიიღეს, რომელსაც სჭირდება უამრავი განმარტება“, - აცხადებენ თეოლოგები.
შეგახსენებთ, 20 მარტს კორონავირუსის გამო ზიარების წესის შეცვლასთან დაკავშირებით სინოდის სხდომა გაიმართა. სინოდის გადაწყვეტილებით, საპატრიარქო ზიარების შეცვლას არ აპირებს.