ეკონომისტები საერთაშორისო ვალებით დაფინანსებულ პროექტებში შესაძლო პოლიტიკური კორუფციის რისკებზე საუბრობენ. გიგა ბედინეიშვილი განმარტავს, რომ ხელისუფლებას აქვს ცდუნება, დიდი მოცულობის თანხებზე კონტროლი ჰქონდეს, თუმცა პროექტების ეფექტურად მართვა ხშირად არ გამოსდის. ამიტომ ინფრასტრუქტურული პროექტები მთლიანად კერძო სექტორს უნდა გადააბაროს. ლარის გაუფასურების გამო, სახელმწიფოს საერთაშორიო ვალები კიდევ უფრო იზრდება, რაც მოქალაქეების ჯიბეზეც აისახება.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთი, ქუთაისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი, თბილისის ავტობუსების პროექტის მეორე ფაზა - იმ პროექტების ჩამონათვალში მოხვდა, რომლებიც 0-პროცენტიანი შედეგით შესრულდა. აუდიტის სახელმწიფო სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში წერია, რომ ამ თერთმეტი საინვესტიციო პროექტისთვის სახელმწიფომ 243 მილიონი საგარეო ვალი აიღო.
ოპოზიცია კორუფციასა და თანამდებობის პირების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს. პოლიტიკოსები ამ პროექტებზე გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვენ. გარდა ამისა, ოპოზიცია ხელისუფლების დანაშაულად მიიჩნევს როცა ფულს დანიშნულების შესაბამისად არ ხარჯავს. ეს მათი შეფასებით, ეკონომიკურ განვითარებასაც აფერხებს, რადგან სამუშაო ადგილებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
ანგარიშში გამოქვეყნებულ კიდევ ერთ საკითხზე აქვთ შეკითხვები მესამე სექტორის წარმომადგენლებს. აუდიტის სამსახური ამბობს, რომ შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურება 2019 წელს წინასთან შედარებით 25 მილიონით გაიზარდა. ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორში ამბობენ, რომ ასეთი თანამშრომლებს ხშირად კონკრეტული უწყების ხელმძღვანელები პირადი გადაწყვეტილებით ასაქმებენ და ეს გადაწყვეტილებები ბუნდოვანია.
პოლიტიკოსები ელიან, რომ პროკურატურა ხელისუფლების შეუსრულებელი ვალდებულებებით დაინტერესდება, მესამე სექტორისთვის კი, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურებმა საქმიანობის დეტალები მაქსიმალურად გაასაჯაროონ.