პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი, რომელიც მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე, რაც საგანგებო მდგომარეობას ეხება, კოორდინაციას გაუწევს.
როგორც გახარიამ განმარტა, ცხელ ხაზზე ასევე, მომსახურებას გაუწევენ იმ საწარმოებსა და სპეციალურ დაწესებულებებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.
„შეუძლებელია დღეს ზუსტი პროგნოზის გაკეთება, რა იქნება ერთ კვირაში ან ორ კვირაში, ამიტომ უკიდურესი მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ მუშაობას, სწორედ ამიტომ შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი -144, რომელიც იქნება უფასო და რომელიც სრულ კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას. ეს იქნებ ის ხაზი, სადაც ჩვენ გვექნება პირდაპირი კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან. ჩვენს ქვეყანაში არსებობენ საწარმოები, რომელთაც უნდა გააგრძელონ ფუნქციონირება, არსებობენ სპეციალური სამსახურები, რომელთაც უნდა იფუნქციონირონ 24 საათის განმავლობაში და ეს იქნება ის უწყება, ვგულისხმობ შტაბს, რომელიც მომსახურებას გაუწევს ყველა საწარმოს - სტრატეგიულ მნიშვნელობის და არა მხოლოდ, რომელმაც 24 საათის განმავლობაში უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
