ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმ კლინიკების რაოდენობა, რომლებიც სწრაფი ტესტებით პაციენტების გამოკვლევას ადგილზე შეძლებენ, ეტაპობრივად გაიზრდება.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ქვეყანაში ამ დროისთვის 4 ათასი ანტისხეულზე დამყარებული და ასევე 2000 სწრაფი ანტიგენზე დამყარებული ტესტია შემოტანილი.
„ამ დროისთვის ქვეყანაში არის 4 ათასი ანტისხეულზე დამყარებული ტესტი, რომელიც იძლევა იმუნოგლობულინ ემის და ჯის ერთდროულად განსაზღვრის საშუალებას და ასევე არის 2000 სწრაფი ანტიგენზე დამყარებული ტესტი, რომელსაც სჭირდება ანალიზატორი იმისთვის, რომ ეს ტესტი შესრულდეს. ჩვენ უმოკლეს ვადაში ველოდებით დამატებით 2 ათას ანტიგენ ტესტს, რომლის გაკეთებაც უკვე ანალიზატორის გარეშეა შესაძლებელი და მისი გამოყენება მოხდება მარტივად კლინიკების მიერ. გარდა ამისა, თითოეულ კლინიკაზე არის გამოყოფილი ის ლაბორატორიები, რომელიც გარდა ლუგარის გააკეთებს საკონტროლო ტესტირებას, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ თავდაპირველად მაინც აუცილებლად მოგვიწევს ხარისხის დაზუსტებისთვის კონტროლის მექანიზმის გამოყენება და გადამოწმება დადებითი პასუხის PCR ტესტირებით. ამდენად ეს სქემა აწყობილია და ასევე იგეგმება ე.წ. ცხელების კლინიკებიდან დამატებით ორი ადამიანის ტრენინგი და ეს ადამიანები იქნებიან მომზადებული ნაცხის აღების ტექნიკაში, რათა მათ უსაფრთხოდ მოახერხონ ეს და გამოიყენონ ანტიგენზე დამყარებული ტესტები, მას შემდეგ რაც ეს იქნება ხელმისაწვდომი იქნება ყველა კლინიკისთვის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.