logo
ENG



ღვთისმსახურების წესში ცვლილებები მართლმადიდებლურის გარდა, საქართველოში მოღვაწე ყველა კონფესიამ შეიტანა

10 აპრ 202020:54
3 წუთის საკითხავი
 

ღვთისმსახურების წესში ცვლილებები საქართველოში მოღვაწე ყველა კონფესიის წარმომადგენლებმა შეიტანეს.

კათოლიკური ეკლესიები მლოცველებისთვის ღიაა, თუმცა მათ იქ მხოლოდ მცირე ხნით შეუძლიათ შესვლა. მრევლის გარეშე შესრულდა წითელი პარასკევის მსახურებაც. ონლაინ რეჟიმში გადაწყვიტა, სააღდგომო მსახურების ჩატარება სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიამაც. სომეხთა სამოციქულო ეკლესია მაცხოვრის აღდგომას 12 აპრილს აღნიშნავს.

კორონავირუსმა ცვლილება მუსულმანურ ტრადიციებშიც შეიტანა. პირველად სრულიად მუსლიმთა თემი პარასკევის ლოცვებს აღარ აღავლენს. არ დახურულა მეჩეთის კარი, თუმცა მრევლს სასულიერო ლიდერებმა მოუწოდეს, რომ სალოცავად მისვლის შემთხვევაში ყველამ თან იქონიოს საკუთარი ფარდაგი, დაიცვას დისტანცია. პრევენციის მიზნით მეჩეთებიდან აიღეს საერთო მოხმარების კრიალოსნები, რომლებსაც მორწმუნეები ლოცვის დროს იყენებენ.

ევანგელისტურ ეკლესიებში მსახურების ფორმა სასულიერო პირებმა მას შემდეგ შეცვალეს, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და აიკრძალა სამ კაცზე მეტის ერთად შეკრება. საქართველოს ევანგელისტური ეკლესიის პასტორი ამბობს, რომ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელვანია საერთო ლოცვა, თუმცა ემორჩილებიან მოთხოვნებსა და მედიკოსების რეკომენდაციებს. პასტორის თქმით, გაუგებარია სახელმწიფოს პოზიცია, რადგან შეზღუდვები ყველაზე თანაბრად არ ვრცელდება.

საგანგებო რეჟიმის, კომენდანტის საათის შემოღებისა და გამკაცრებული კონტროლის ფონზე მსახურების წესი არ შეცვლილა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში. აღდგომის წინ მძიმე კვირაში მსახურება მრევლთან ერთად აღევლინება, მორწმუნეებს ტაძარში და მის ეზოში დისტანციის დაცვით შეუძლიათ წირვებს დაესწრონ და მიიღონ წმინდა ზიარება.

 

 


close დახურვა