logo
ENG



აღდგომის წირვა ტრადიციულად ჩატარდება - ეკლესია და მთავრობა პასუხისმგებლობას მოქალაქეებს აკისრებს

14 აპრ 202020:15
3 წუთის საკითხავი
 

აღდგომამდე 5 დღით ადრე კორონავირუსი ეკლესიას უტევს. სასულიერო პირთა კლასტერი ფართოვდება, თუმცა საპატრიარქო სააღდგომო ლიტურგიასა და ერთი კოვზით ზიარებაზე უარს არ ამბობს.​ 

კორონავირუსის გამო ღვთისმსახურება ერთ ტაძარში უკვე შეწყდა. კოვიდ 19-ის დიაგნოზით ბოჭორიშვილის კლინიკაში ვერაზე მდებარე ეკლესიის მოძღვარი მკურნალობს, რომელმაც ხალხმრავალი სასულიერო რიტუალი რამდენიმე დღის წინ ჩაატარა და ეკლესიაში შეუძლოდ ყოფნის მიუხედავადაც მივიდა. ეკლესიაში დეზინფექცია ჩატარდა, მოძღვრები და მსახურები კი, კარანტინში არიან. მომხდარის გამო დეზინფექცია ჩაუტარდა ტაძრის გვერდით მდებარე ლურჯ მონასტერსაც.

ინფორმაცია კორონავირუსით სასულიერო პირის დაინფიცირების შესახებ გუშინ გვიან ღამით მედიით გავრცელდა. საპატრიარქოში ამ თემაზე კომენტარის გაკეთება მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ფაქტი ბოჭორიშვილის კლინიკაში დაადასტურეს. მათ დღეს კიდევ ერთი ინფიცირების შემთხვევის დადასტურება მოუხდათ. კორონავირუსი აქვს საპატრიარქოს დაცვის სამსახურის თანამშრომელსაც. მამაკაცი სამსახურში ორი დღის წინ იმყოფებოდა. ტესტირება უკვე ჩაუტარდა მასთან ერთად მომუშავე 2 პირს, თუმცა მათ ვირუსი არ დაუდგინდათ. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამტკიცებს, რომ ინფიცირებულ თანამშრომელს საპატრიარქოში მისულ არც სასულიერო და არც საერო პირთან შეხება არ ჰქონია. თუმცა სწორედ დაცვის სამსახურია პასუხისმგებელი საპატრიარქოში მისული სტუმრების თერმოსკრინინგსა და შემოწმებაზე.

კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების მიუხედავად, საპატრიარქოში აცხადებენ, რომ აღდგომის წირვა ტრადიციულად ჩატარდება. მრევლთან ერთად თუ მის გარეშე ამას დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არ აკონკრეტებს და აღნიშნავს, რომ მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, მივლენ თუ არა ეკლესიაში.

საპატრიარქოს მსგავსად მოსახლეობას აკისრებს პასუხისმგებლობას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც, რომელიც პატრიარქთან შეხვედრაზე გუშინ კიდევ ერთხელ იმყოფებოდა. მას "მრევლის გონიერების იმედი" აქვს.

იმასთან დაკავშირებით თუ როგორ აირიდებს თავიდან კანონის დარღვევას საპატრიარქო, მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი.


close დახურვა