logo
ENG



ლევან კობერიძე: თუ ამბობენ მთავრობის წევრები პრობლემა არ არისო, მაშინ ეკლესიაში დაესწრონ ლიტურგიას

15 აპრ 202022:45
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან კობერიძე გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც საპატრიარქოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, როლის მიხედვითაც ეკლესია აღდგომის დღესასწაულზე არ დაიკეტება და ღვთისმსახურება ჩვეულებრივ რეჟიმში ჩატარდება.

მისი განცხადებით, ხელისუფლება არაადეკვატურ ზომებს იღებს შერჩევის პრინციპით მოქმედებს. 

მისივე განცხადებით, თუ მთავრობა ამბობს, რომ ყველა რეკომენდაცია იქნება დაცული ეკლესიაში ხალხის განლაგებასთან დაკავშირებით, მაშინ მივიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები ტაძარში და იქ დაესწრონ ღვთისმსახურებას.

„ის რეალობა რასაც ჩვენ ვუყურებთ ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ჩვენ ვხედავთ სიტუაციას, როდესაც გაუგებარი ხდება ყველაზე მთავარი - ის ადამიანები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის და კარანტინის შესახებ მოწოდებას იცავენ და სახლში რჩებიან, ან მთავრობა და ან ეკლესია ამ ხალხს ამ გადაწყვეტილებით რას ეუბნება? 

ადამიანები, რომლებმაც პრობლემა გაითავისეს ესენი ჩვენი საზოგადოების წევრები არ არიან? ჩემთვის აბსოლიტურად გაუგებარია, საპატრიარქოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრიც პრემიერ მინისტრივით ამბობს, რომ ხალხის გადასაწყვეტია მივა თუ არა ეკლესიაშიო და თუ ხალხის გადასაწყვეტია მაშინ საგანგებო მდგომარეობა რა საჭიროა? თუ მართლა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი ამ ქვეყანაში, ან მთავრობა რა საჭიროა, ან მათი მითითებები რა საჭიროა, ან ჯარიმებს რატომ უწერენ ამ ადამიანებს?

აღშფოთებული ვარ ყველაფერი იმით რასაც ვისმენ იმიტომ, რომ ასეთ რთულ ვითარებაში იმის მაგივრად, რომ საზოგადოება გავაერთიანოთ ყველაფერი პირიქით ხდება. ვხედავთ შერჩევის პრინციპს და ერთმანეთისათვის გუნდრუკის რკმევას. ვინც იძახდა მთავრობის წევრები ლიტურგიას სახლიდან დავაკვირდებიო, რახან ამბობენ, რომ თურმე ამაში არანირი პრობლემა არ არის მივიდნენ და იქ დადგნენ მაშინ. თანმიმდევრული არ არის მთავრობა და ეს კიდევ უფრო მეტ ქაოსს იწვევს“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

შეგახსენებთ, პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეკლესიები არ დაიხურება და დაცული იქნება მოქალაქეების დისტანცირება.

მისივე განცხადებით, უსაფრთხოების წესების დაცვა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით მოხდება.


close დახურვა