logo
ENG



აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 5 მედპერსონალია

17 აპრ 202001:06
3 წუთის საკითხავი
 
8xo0qrvqwg41inh.png

აჭარაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის 5 მედპერსონალია, ხოლო ორი ე.წ. ქობულეთის კლასტერთან არის დაკავშირებული.

თუ რომელ კლინიკებში მუშაობენ ინფიცირებული მედიკოსები მიქელაძეს არ დაუკონკრეტებია. მან აღნიშნა, რომ ყველა მათგანი, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა, იზოლაციაში იყო.

„გაზრდილია ინფიცირებულთა რაოდენობა 7 ერთეულით. მათ შორის ორი არის საკარანტინო, თვითიზოლაციის ზონიდან, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული, რომელზეც მიმდინარეობდა ეპიდემიოლოგიური კვლევა. რაც შეეხება 5 პირს, ისინი არიან სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალი. მათი თხოვნით არ ვასახელებ დაწესებულებას, საიდანაც ისინი არიან. ეს ადამიანები იყვნენ იზოლაციაში. მათ არ ჰქონდათ არც ოჯახის წევრებთან არც საზოგადოებასთან ურთიერთობა. ყველა ინფიცირებული გადაყვანილია კლინიკა "მედალფაში", სადაც ამ დროისთვის უკვე 37 პაციენტია მოთავსებული“, - აღნიშნა მიქელაძემ.

ამასთან, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვთხოვთ მოქალაქეებს, დარჩით სახლში. მოგვეცით საშუალება რომ ადამიანური რესურსი რაც გვაქვს, მაქსიმალურად გამოვიყენოთ პროცესების სწორი მართვისთვის“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი უკვე 348 ადამიანს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5000 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 494. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 76-ს შეადგენსკორონავირუსს ქვეყანაში 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც. 

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. 

 


close დახურვა