logo
ENG



ეზუგბაია: იმედია, შემდგომში აგრესიულ კვლევებს არ ჩავატარებთ და მაჩვენებელი შემცირდება

25 აპრ 202010:47
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ეზუგბაია განმარტავს, ქვეყნის მასშტაბით დიდი რაოდენობით კვლევა ჩატარდა აგრესიული ტესტირებით, ასევე ჩატარდა ბოლნისის კონტაქტების კვლევა და 25 ახალი შემთხვევა ჯამური მონაცემის შედეგია.

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებს, 25 ახალი შემთხვევიდან კლინიკაში მოთავსებულია 4 პაციენტი, მათგან 2 მოზარდია. ეზუგბაიას განცხადებით, ორივე მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ამ ეტაპზე 323 პაციენტი მკურნალობს ფილიალში. გუშინ ჩატარდა დიდი რაოდენობით კვლევა ქვეყნის მასშტაბით ეს იყო აგრესიული ტესტის შედეგები და პლუს, ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა ერთდროულად იყო ჩატარებული. ეს 25 ახალი  დადასტურებული შემთხვევა ჯამური მონაცემის შედეგია. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში აგრესიული კვლევის გარეშე ჩატარდება კვლევები და მაჩვენებელი ასეთი არ იქნება. 25 პაციენტიდან გუშინ მოთავსდა 4 პაციენტი, აქედან 2 არის მოზარდი, ჯამში, 9  მოზარდი გვყავს. ამ ორი მოზარდის მდგომარეობა არ არის მძიმე, ისინი მსუბუქი სიმძიმით არიან. ერთ-ერთს აქვს დაბალი ტემპერატურა, მეორეს ტემპერატურაც არ აქვს. რაც შეეხება დანარჩენი ორი პაციენტის მდგომარეობას, ერთ-ერთთან პნევმონია არის, მეორესთან არ არის. დაინფიცირების წყარო სამი არის ბოლნისის შემთხვევა, ერთის არის უცნობი, რომლის წყაროს მოკვლევა მიმდინარეობს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, ამ მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 132 პაციენტი, გარდაცვლილია - 5.

 


close დახურვა