კლინიკა „ბომონდის“ ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთიდან, კატასტროფის ბრიგადის მიერ შემოყვანილი 32 წლის ქალის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.
კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, დაახლოებით 30-31 კვირის ორსული კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შემოვიდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისთვის აუცილებელი გახდა საკეისრო კვეთის ჩატარება. ამ დროისათვის პაციენტი რეანიმაციაში, ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო ახალშობილი ბავშვთა რეანიმაციაში იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„გადმოყვანილია 32 წლის ქალი, რომელიც 31 ან 32 კვირის ორსულია. აღენიშნებოდა მძიმე ნეფროპატია, უმართავი ჰიპერტენზიული სინდრომი. მიუხედავად ჩატარებული თერაპირული ღონისძიებებისა იძულებული გავხდით ჩაგვეტარებინა საკეისრო კვეთა. ეპიდანამნეზი იყო გაურკვეველი, კოვიდზე შეუმოწმებელი. ავიღეთ ანალიზები, ჩაუტარდა საკეისრო კვეთა. მიღებული იყო ნაყოფი, რომელიც ბოქსირებულ ახალშობილთა რეანიმაციაშია და დედაც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება“, - განაცხადა კლინიკის ექიმმა.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში covid-19 ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს. შუახნის მამაკაცი წყალტუბოს კლასტერს მიეკუთვნება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 19 პაციენტი მკურნალობს.
