logo
ENG



თარხნიშვილი რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვაზე: ეს ისეთივე ანეგდოტია, როგორც არჩევნები ოკუპირებულ ტერიტორიებზე

07 მაი 202012:25
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და იქ მცხოვრები მოქალაქეების მდგომარეობა ძალიან რთულია, რადგან დე ფაქტო ხელისუფლება გადაწყვეტილებას რუსეთის ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად ვერ იღებს. 

მათ მიაჩნიათ, რომ ამ ვითარებაში ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო მექანიზმი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს, რათა ადგილზე ვითარების მონიტორინგი მოხდეს და იქ მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა შედარებით შემსუბუქდეს. 

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენს მოქალაქეებს ბევრად უფრო გაუჭირდებათ. ეს იმით არის განპირობებული, რომ ე.წ. საოკუპაციო რეჟიმებს არანაირი ავტორიტეტი არ გააჩნიათ. თუნდაც იგივე ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ რუსულ ჯარს კარანტინში მოვაქცევთო, სასაცილოდ ჟღერს ეს ყველაფერი. ცხადია იქ გადაწყვეტილებებს მიიღებენ ვიღაც რუსი გენერლები ან უფრო ქვედა რგოლის ჩინოვნიკები და ვითარება უფრო მეტად სარისკო იქნება. ამ ქაოტური მოქმედებების პარალელურად, სამხედრო მანქანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაამძიმებენ იქ არსებულ ვითარებას, დამძიმდება ჩვენი მოქალაქეეის მდგომარეობა. აუცილებლად უნდა გავააქტიუროთ საერთაშორისო ბერკეტები, რომ მოხდეს ამ პროცესის მონიტორინგი და ჩვენი მოქალაქეები არ დარჩნენ ვიღაც რუსი ოფიცრის ამარა“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მურთაზ ზოდელავამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად დიდი ხანია არაფერს არ აკეთებს. მისი თქმით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლების მიერ რუსეთთან საზღვარს ჩაკეტვა სასაცილოა, რადგან აფხაზეთის და ოსეთის ე.წ. მთავრობა საოკუპაციო ძალებთან შეუთანხმებლად არაფერს არ აკეთებს.  

„სამწუხაროდ ხელისუფლება უკვე დიდი ხანია აღარ აკეთებს არაფერს ჩვენი მოქალაქეების დასაცავად, როგორც ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით ისე საოკუპაციო ხაზის არსებულ ტერიტორიებზე. რა თქმა უნდა, გასაძლიერებელია ზომები, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები. რაც შეეხება საზღვრის ჩაკეტვას, ეს ისეთივე ანეგდოტია, როგორც არჩევნები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იქ არსებული ე.წ. მთავრობა. ძნელი წარმოსადგენია, რომ აფხაზეთის და ოსეთის ე.წ. მთავრობა რამეს აკეთებდეს საოკუპაციო ძალებთან შეუთანხმებლად“, - აცხადებს ლევან თარხნიშვილი.  

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლება რუსეთთან საზღვარს კეტავს. შეზღუდვა 10 მაისიდან 17 მაისამდე იქნება ძალაში. ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, გადაწყვეტილება კოვიდ 19-თან ბრძოლის ე.წ. ოპერატიული შტაბის სხდომაზე მიიღეს.

მანამდე მოქმედი შეზღუდვების მიხედვით, რუსეთთან საზღვრის გადაკვეთა მოქალაქეებსა და სატვირთო მანქანების მძღოლებს შეეძლოთ. შეზღუდვები არ ეხებოდა რუს სამხედროებს, მესაზღვრეებსა და გარკვეული კატეგორიის საჯარო მოხელეებს. 


close დახურვა