იურიდიული კომპანია „ლიდ ქონსალთინგი“, რომელიც გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული 5 პირის უფლებებს იცავს, მკვლელობის ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით საზოგადოებაში არასრული და არაზუსტი ფაქტები ვრცელდება, ამიტომ მიზანშეწონლიად ჩათვალეს, დეტალური ინფორმაცია გაესაჯაროვებინათ.
„გაცნობებთ, რომ გუდაურში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებულ ცემის ეპიზოდებზე ბრალი აქვთ წარდგენილი 6 ადამიანს და მათგან 5 პირის ინტერესებს ვიცავთ ჩვენ.
მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს სრული სიმართლე და ისე შეაფასოს შესაბამისი პირების ქმედებები.
პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირები არ უარყოფენ კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტს, ისინი გრძნობენ მათ წილ პასუხისმგებლობას და თანამშრომლობენ გამოძიებასთან, თუმცა ცალკეული პირებისათვის წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით ჩვენ არ ვეთანხმებით კვალიფიკაციას, ვინაიდან აღნიშნულ პირთა ნაწილი მოქმედებდა მხოლოდ დამნაშავის განიარაღების მიზნით, ამავდროულად მათ საერთოდ არ მიუღიათ მონაწილეობა გასროლამდე მერაბ კობიაშვილთან დაპირისპირებაში.
წარმოდგენილი ვიდეომასალით დასტურდება, რომ:
1) კონფლიქტის დაწყების მიზეზი იყო მერაბ კობიაშვილის მიერ მთვრალ მდგომარეობაში მიხეილ უნდილაშვილის უმიზეზოდ და განსაკუთრებული სისასტიკით ცემა. მოცემულ ვიდეომასალაში აღბეჭდილია, თუ როგორ გაჰყავს მერაბ კობიაშვილს მიხეილ უნდილაშვილი მოფარებულ ტერიტორიაზე, სადაც შემდგომ მას ფიზიკურად უსწორდება (იხ. ჩანაწერი N1-2). აღსანიშნავია, სამის მასალებში აღწერილი ცემის ფორმა, კერძოდ კობიაშვილმა უნდილაშვილი დააგდო ძირს, არ აძლევდა მას ადგომის საშუალებას, არტყმევინებდა თავს ყინულით დაფარულ ზედაპირზე და ფეხით უსრესდა ხელებს (იხ. ვიდეოში ასახული ფოტოსურათები).
2) ვიდეო ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ უწმენდს თოვლით სახეს მიხეილ უნდილაშვილს მისი მეგობარი. მათთან მიდის მერაბ კობიაშვილი და მიხეილ უნდილაშვილს აგრესიულად ესაუბრება, რა დროსაც მიხეილ უნდილაშვილის თანმხლები პირი შუაში უდგება მერაბ კობიაშვილს და არ აძლევს შესაძლებლობას, რათა ეს უკანასკნელი, მიუახლოვდეს მიხეილ უნდილაშვილს, პარალელურად იგი მოუწოდებს კობიაშვილს, რომ დატოვოს ტერიტორია (იხ. ჩანაწერი N3). მიუხედავად იმისა, რომ ჩხუბში მონაწილე ახალგაზრდებმა იციან მათი მეგობრის ცემის შესახებ, მერაბ კობიაშვილი მათ ორჯერ ჩააცილეს მის კუთვნილ ავტომანქანასთან, რათა ის წასულიყო სახლში (იხ. ჩანაწერი N6-7).
3) აღნიშნულის შემდგომ მიხეილ უნდილაშვილს და მის მეგობრებს გზად შემოხვდათ, მერაბ კობიაშვილი, რა დროსაც დამცირებულმა მიხეილ უნდილაშვილმა ვერ შეიკავა თავი და თანმხლებ 2 პიროვნებასთან ერთად (მათ შორის ერთი გარდაცვლილი თამაზ გორთამაშვილი) ფიზიკური დაზიანებები მიაყენა მერაბ კობიაშვილს. გავრცელებული კადრების დეტალური ანალიზით დგინდება, რომ მერაბ კობიაშვილს ფიზიკურად უსწორდება მხოლოდ სამი ადამიანი. იქ მყოფი სხვა ორი ადამიანიდან ერთი ცდილობს მათ გაშველებს, ხოლო ერთი საერთოდ არ უახლოვდება კობიაშვილს. აღნიშნული კონფლიქტის იმწუთიერი გაგრძელებაა ვიდეო, რომელიც გარკვეული პერიოდის წინ საჯაროდ გავრცელდა, სადაც არ ჩანს თუ რა ხდება სინამდვილეში და იქმნება შთაბეჭდილება, რომ მერაბ კობიაშვილს კვლავ რამდენიმე ადამიანი ურტყავს, რაც არ წარმოადგენს სინამდვილეს. მოცემულ ვიდეოში კი ჩანს, რომ კობიაშვილთან (იხ. ვიდეო ფაილი - ჩანაწერი N8), მიირბენს მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ უნდილაშვილი, ხოლო სხვები გააშველებენ მათ.
4) ჩანაწერით დგინდება, რომ მერაბ კობიაშვილს აქვს წასვლის შესაძლებლობა, იგი ჯდება საკუთარ ავტომანქანაში და ქოქავს მას, მცირე დროის გასვლის შემდგომ იგი გადმოდის ავტომანქანიდან და მიემართება მანქანის მოპირდაპირედ არსებული გასასვლელისაკენ (იხ. ჩანაწერი N9). მას გზად შემოხვდებიან თამაზ გორთამაშვილი და ამჟამად დაზარალებული - დ.ს (რომელიც მანამდე განვითარებულ არცერთ კონფლიქტში არ მონაწილეობდა). ჩანაწერის მიხედვით, თამაზ გორთამაშვილის მოძრაობის ტრაექტორიის გათვალისწინებით ის ცდილობს გვერდი აუაროს მერაბ კობიაშვილს, რა დროსაც მერაბ კობიაშვილი პირველად ფეხში ესვრის თამაზ გორთამაშვილს, რამოდენიმე გასროლის შემდგომ ტყვია მუცლისა და ხელის არეში ხვდება დ.ს-ს, რომელიც მაშინვე ვარდება ძირს (იხ. ჩანაწერი N10). კონფლიქტი გრძელდება თამაზ გორთამაშვილსა და მერაბ კობიაშვილს შორის, სწორედ ამ დროს მერაბ კობიაშვილის განიარაღების მიზნით ადგილზე მორბის რამდენიმე პიროვნება, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით შეიაღებულ მერაბ კობიაშვილს მივარდება და რათა აღარ მოხდეს სხვა პირთა სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის დაზიანება ისინი ფიზიკური ძალის გამოყენებით ართმევენ მას ცეცსლსასროლ იარაღს. იარაღის წართმევის შემდგომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები, სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებით ცდილობენ მერაბ კობიაშვილის შებოჭვას და გაკავებას, ვინაიდან ის ამ დროს მათ წინააღმდეგობას უწევს (ი.ხ ჩანაწერი - N 11). აღსანიშნავია, რომ მერაბ კობიაშვილმა ფიზიკური დაზიანებების ძირითადი ნაწილი მიიღო სწორედ იმ დროს, როდესაც ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირები დამნაშავის შეპყრობას ცდილობდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.