logo
ENG



გუდაურში მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

14 მაი 202013:05
3 წუთის საკითხავი
 

მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, გუდაურში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

დღევანდელ პროცესზე სასამართლომ ასევე დასაშვებად ცნო დაცვის მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით. თავად ბრალდებული სხდომას არ ესწრებოდა, რადგან საქმე დისტანციურად განიხილებოდა, თუმცა ცნობილია, რომ ის პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ მისი მოქმედება ყო უკიდურესი აუცილებლობით იყო განპირობებული.

„დაცვის მხარის ყველა მტკიცებულება დასაშვებად იქნა ცნობილი. ჩვენ წარმოდგენილი გვქონდა ბევრი დოკუმენტაცია, რომელთა დაუშვებლობასაც ბრალდების მხარე ითხოვდა. მხოლოდ ორი მოწმის, რომლებიც ჩვენთვის ისედაც არ იყვნენ მნიშვნელოვანი, მათ ნაწილში ცნო დაუშვებლად, დანარჩენი ათასობით პირის ხელმოწერა, დახასიათება, სამედიცინო ცნობები, რომელიც წარდგენილი გვქონდა, სხვა პირების გამოკითხვის ოქმები დასაშვებად ცნო. ასევე ბრალდების მხარის მოწმეები გვყავდა სიაში შეყვანილი და ამის დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობაც დააყენა ბრალდების მხარემ, თუმცა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა“, - განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, საქმის პროკურორის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ კობიაშვილს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა განზრახული ჰქონდა.

„აღნიშნული საკითხი გადაწყვიტა თვითონ მერაბ კობიაშვილმა. მან გადაწყვიტა, ვის უნდა განეხილა სისხლის სამართლის საქმე, შესაბამისად მისი გადაწყვეტილების საფუძველზე საქმე გადაეცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს და განიხილება გორის რაიონულ სასამართლოში. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ბრალდების მხარე მიაჩნია, რომ ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, ალბათობის მაღალი ხარისხით ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სავარაუდოდ, მერაბ კობიაშვილმა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული და ეს იმ სტანდარტზე უფრო მაღალია, ვიდრე არსებობდა გამოძიების ეტაპზე. შესაბამისად ალბათობის მაღალი ხარისხით დასტურდება გარემოება, რომ მერაბ კობიაშვილმა ჩაიდინა 2 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ერთი პირის განზრახ მკვლელობა და ერთი პირის ცემა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საუბარი არ შეიძლება იყოს აუცილებელ მოგერიებაზე“, - განაცხადა პროკურორმა.


close დახურვა