logo
ENG



ვაშაძე: სანამ ოცნების წევრები პერსონალურ სანქციებს არ მიიღებენ, თაღლითობაზე ხელს არ აიღებენ

12 მაი 202010:18
3 წუთის საკითხავი
 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აშშ-ის საელჩოს და საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც წერია, რომ ქვეყანაში უკეთესი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად აუცილებელია შეთანხმების ორივე ნაწილის დაცვა, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას და სასამართლო სისტემაში შესაძლო პოლიტიკურ ჩარევაზე რეაგირებას გულისხმობს.

რომან გოცირიძის განცხადებით, ელჩებმა ფაქტიურად ივანიშვილი სიცრუეში ამხილეს და თუ შეცდომების გამოსწორებას არ დაიწყებს, ივანიშვილს და მის ხელისუფლებას, ეს ძვირად დაუჯდება.

"ელჩების ამ განცხადებით, ფაქტობრივად ივანიშვილი და "ქართული ოცნება" მხილებული იქნა სიცრუეში. პირდაპირ შავით თეთრზე წერია, რომ შეთანხმება შედგება 2 ნაწილისგან და მოუწოდებენ ხელისუფლებას ამ შეთანხმების შესრულებას. ამაზე ნათლად და არადიპლომატიური ენით რა უნდა თქვან ელჩებმა? პირდაპირ ხომ არ იტყვიან, გააღეთ ციხის კარები და გამოუშვით პოლიტპატიმრებიო? გამგებმა უნდა გაიგოს. თუ ვერ გაიგებენ ძალიან ძვირად დაუჯდება ეს ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხა რომან გოცირიძემ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით კი "ქართული ოცნება" იტყუება, რასაც ელჩების განცხადებაც მოწმობს. მისივე განცხადებით, სანამ საერთაშორისო პარტნიორები პერსონალურ სანქციებს არ მიიღებენ, "ქართული ოცნება" ხალხის მოტყუებაზე და თაღლითობაზე ხელს არ აიღებს. 

„საქართველოს პოლიტიკის მთავარი პრობლემა არის არაკეთილსინდისიერი პოლიტიკოსები მმართველ ელიტაში. ეს განცხადება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ისინი მთელი ამ დღეების მანძილზე და ამ განცხადებების დროს, ტყუოდნენ, ცრუობდნენ დიპლომატიური ენით და არამარტო დიპლომატური ენით, კონკრეტულად არის მითითებული თუ რაზე მოხდა შეთანხმება. ქართულმა ოცნებამ უნდა გადაწყვიტოს, ან ისინი შეასრულებენ შეთანხმების ორივე პუნქტს, ან ძალიან მკაცრი იქნება რეაქცია დასავლეთისგან. როგორც ჩანს სანამ ისინი პერსონალურ სანქციებს არ მიიღებენ, მანამდე ამ მოტყუებაზე და თაღლითობაზე ხელს არ აიღებენ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


close დახურვა