8 მარტის შეთანხმება ნაწილობრივ შესრულებულია. გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა, რუსთავის ციხე გუშინ გვიან ღამით პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვეს. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების თაობაზე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდების შემდეგ, ქართულ ოცნებას პოზიციების დათმობა მოუწია, თუმცა მმართველი გუნდი პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას გაემიჯნა.
გიგი უგულავას შემდეგ რუსთავის ციხე მალევე დატოვა ირაკლი ოქრუაშვილმა. მან საპატიმროდან მხოლოდ შვილის ნახატები წამოიღო. პირველივე პოლიტიკურ განცხადებაში ოქრუაშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტმა ისინი არა დამოუკიდებლად არამედ, უპრეცედენტო საერთაშორისო ზეწოლის ფონზე, 8 მარტის შეთანხმების შესრულების გამო შეიწყალა. ციხიდან გამოსული ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ბრძოლა გრძელდება გიორგი რურუას გათავისუფლებისთვის.
დაკავებულ ოპოზიციის ლიდერებს რუსთავის ციხესთან თანაგუნდელები და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელები დახვდნენ. მათი განცხადებით, არავის სჯერა, რომ პრეზიდენტმა დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო. მათი თქმით, ხელისუფლებას ზეწოლის ფონზე 8 მარტის შეთანხმების შესრულება მოუწიათ.
სახლში მისულ გიგი უგულავას შინ ოჯახის წევრები და თანაგუნდელები დახვდნენ, მათ შორის ციხიდან ახლად გამოსული ვანო მერაბიშვილიც.
გიგი უგულავა 10 თებერვალს 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვისთვის მესამედ დააპატიმრეს. უზენაესი სასამართლოს ახლად დანიშნულმა მოსამართლე შალვა თადუმაძემ საკუთარი პირველი გადაწყვეტილებით უგულავა ციხეში 3 წელზე მეტით გაუშვა, ირაკლი ოქრუაშვილს კი პატიმრობა 5 წლით 1 თვის წინ მიესაჯა, თუმცა მათ სალომე ზურაბიშვილის შეწყალების აქტით ევროპული საქართველოს ლიდერმა რუსთავის ციხე ზუსტად 3 თვეში დატოვა.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გაემიჯნა ქართული ოცნება. საგანგებო ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ზეპარტიულმა პრეზიდენტმა მთავრობისგან დამოუკიდებლად ოპოზიციის ლიდერების შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.
