logo
ENG



28 დეკემბერს სასამართლო განიხილავს იუსტიციის სარჩელს სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ

26 დეკ 202114:55
3 წუთის საკითხავი
 
28 დეკემბერს სასამართლო განიხილავს იუსტიციის სარჩელს სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ

2021 წლის 28 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაინიშნა იუსტიციის სამინისტროს სარჩელის განხილვა სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ. 

სამინისტრო სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელებაზე იუსტიციის უწყებას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა. 

სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. საქმეს მოსამართლე ციცინო რუხაძე განიხილავს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ვიდეოების გავრცელების საქმის შესწავლის შემდეგ იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, რაც, ჯამში, 2 500-ლარიან ჯარიმას გულისხმობს. განცხადება 7 დეკემბერს გავრცელდა.

ინსპექტორის აპარატმა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი საკვებ დანამატს იღებს, ყოფილი პრეზიდენტის ღირსების შელახვად მიიჩნია.

ასევე, კანონდარღვევად მიიჩნია რეანიმობილში განვითარებული მოვლენებისა და N18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გავრცელება და იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს facebook-სა და ოფიციალურ ვებგვერდებზე ყველა ზემოთ აღნიშნული ვიდეოს წაშლა დაავალა.

25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება

მას ორი უწყება ჩაანაცვლებს - სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც სამოხელეო დანაშაულებს გამოიძიებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ასევე, ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ექნება. 

ლონდა თოლორაიამ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ხელმძღვანელობს, ამის შესახებ გუშინ მედიიდან გაიგო. 


close დახურვა